Wednesday, October 7, 2026

როდის დაიბადა ერეკლე II?

 

       როდის დაიბადა ერეკლე II?

ერეკლე II საარქივო მასალების - პირველწყაროების დადასტურებული მონაცემებით დაიბადა 1720 წლის 7 ოქტომბერს! 

ეს თარიღი გამყარებულია საარქივო მასალებით და  პირველწყაროებით, ხოლო ერეკლე II-ის დაბადების თარიღად მიჩნეული 7 ნოემბერი, რომლის ძირითადი საფუძველიც რუსი ისტორიკოსის პ. ბუტკოვის 1869 წელს დაწერილი წინააღმდეგობრივი ცნობაა, არანაირ საარქივო მასალას არ ეყრდნობა.

 საბჭოთა პერიოდში პ. ბუტკოვის ცნობას ერეკლე II-ის დაბადების თარიღის შესახებ სათანადო წყაროთმცოდნეობრივი გადამოწმების გარეშე იყენებდნენ, რის შედეგადაც ეს მონაცემი აისახა საბჭოთა ენციკლოპედიურ გამოცემებსა და სხვა სამეცნიერო თუ სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში.

        ერეკლე II-ის დაბადების თარიღის გადასინჯვას, რამდენიმე გარემოება აფერხებდა. უპირველესად, პ. ბუტკოვის ცნობას მაღალი სანდოობა ენიჭებოდა მისი ავტორის, როგორც რუსი ისტორიკოსის და იმდროინდელ ისტორიოგრაფიაში რუსულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის გავლენის გამო. მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში ეს ცნობა სამეცნიერო და ენციკლოპედიურ გამოცემებში, პირველწყაროებთან დამოუკიდებელი გადამოწმების გარეშე მეორდებოდა, რის შედეგადაც იგი ,,დამკვიდრებულ'' ისტორიოგრაფიულ მონაცემად იქცა. 

      ამასთან, გასათვალისწინებელია საბჭოთა იდეოლოგიური კონტექსტიც, რომელშიც 7 ნოემბერი ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო დღესასწაულს წარმოადგენდა და ერეკლე II-ის დაბადების თარიღის შეცვლა, ამ სიმბოლურად დატვირთულ დღესთან დაკავშირებული დამკვიდრებული ისტორიული თანხვედრის დარღვევას და საბჭოთა იდეოლოგიური კალენდრისთვის არასასურველი ფაქტის აღიარებას გულისხმობდა.

   სამწუხაროდ, ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული, მაგრამ სათანადოდ გადაუმოწმებელი და არაზუსტი ცნობების გამოყენება მხოლოდ წარსულის პრობლემა არ არის. მსგავსი „ტრადიციული“ ინფორმაციის გავრცელების არაერთი მაგალითი დღესაც გვხვდება, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ისტორიული წყაროების კრიტიკული შესწავლისა და ნებისმიერი დამკვიდრებული მოსაზრების პირველწყაროებთან შეჯერების აუცილებლობას.


რაც შეეხება მტკიცებულებებს ერეკლე II-ის 1720 წლის 7 ოქტომბერს დაბადების თარიღის შესახებ:

ერთადერთი ცნობა, რომ 7 ნოემბერი ერეკლე II-ის დაბადების თარიღია მითითებული აქვს რუს ისტორიკოს პ. ბუტკოვს ნაშრომში:

П. Бутков. Материалы для новой истории Кавказа, с 1722 по 1803 год. СПб., 1869

ბუტკოვის სამნაწილიანი წიგნის  შინაარსში სხვადასხვა ცნობა გვხვდება:

·                     ნაწილი I, გვ. 136, 241 - 1721 წლის 7 ნოემბერი;

·                     ნაწილი III, გვ. 9 - 1721 წლის  7 ნოემბერი;

·                     ნაწილი II, გვ. 438 - მითითებულია დაბადების თარიღად 1720 წელი 

აქვე ჩნდება მნიშვნელოვანი პრობლემა: ბუტკოვის ცნობები ერთმანეთთანაც არ არის თანხვედრაში — ერთ შემთხვევაში საუბარია 1721 წლის 7 ნოემბერზე, ხოლო  სხვა შემთხვევაში ერეკლეს დაბადების წლად 1720 წელია მითითებული.

ამასთან, ბუტკოვის მიერ ერეკლე II-ის დაბადების 7 ნოემბრის თარიღის მითითების საფუძველი და კონკრეტული პირველწყარო, რომელსაც იგი ეყრდნობოდა, ამ ცნობებიდან არ ჩანს!!!  - ნახეთ ამ ინფორმაციის ბოლოს თანდართული ფურცლების ასლები მისი წიგნიდან 


ერეკლე II-ის 1720 წლის 7 ოქტომბერს დაბადების დამადასტურებელი პირველწყაროები:


1. პირველი ეს არის - გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის თ. ჟორდანიას მიერ დაფიქსირებულ  იმ ქართულ ქრონოლოგიურ მასალაში, რომელიც მან შეაგროვა - იხ. თ. ჟორდანია, „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“, წიგნი III, თბილისი, 1967, გვ. 74.

იქ პირდაპირ წერია:

„1720 წ., 7 ოკდ. (ოქტომბერს) პარასკევს, დაიბადა ერეკლე, ძე მეფისა თეიმურაზისა“.

ეს ცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მასში მითითებულია ერთდროულად:

·                     წელი - 1720;

·                     თვე - ოქტომბერი;

·                     რიცხვი - 7;

·                     კვირის დღე - პარასკევი;

·                     და თავად ერეკლე - „ძე მეფისა თეიმურაზისა“.

თ. ჟორდანიამ ეს მასალა XIX საუკუნის ბოლოს ან, შესაძლოა, XX საუკუნის დასაწყისში მოიძია, თუმცა მისი „ქრონიკების“ მესამე წიგნი მოგვიანებით, 1967 წელს გამოქვეყნდა.

ამრიგად, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ ცნობის მოძიების დრო და მისი გამოქვეყნების დრო. 1967 წელი არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ცნობა საბჭოთა პერიოდში შეიქმნა.



2. A-1577 ხელნაწერი -  ერეკლეს დაბადების ზუსტი დღე და თვე

ერეკლეს დაბადების თარიღის 7 ოქტომბრის დასადასტურებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წყაროა A-1577 ხელნაწერი, რომელშიც დაცულია ტრიფილე მცირის ლექსები, მიძღვნილი ერეკლე II-ისა და ანტონ I-ისადმი მათი დაბადების დღეებთან დაკავშირებით.

ხელნაწერის 1r-ზე პირდაპირ წერია:

„თთუჱსა ოკდომბერსა (ოქტომბერი), 7, შობასა მისისა სიმაღლისა უკეთილმახურესისა, მეფის ირაკლი მეორისსა, ქმნილი ტრიɸილესგან მცირისა დიაკონ მონაზონისა.“

აქ დაბადების თარიღი პირდაპირ არის მითითებული: ოქტომბერი — 7.

ეს უბრალო ქრონოლოგიური ჩანაწერი არ არის. ტექსტი წარმოადგენს ერეკლე II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ნაწარმოებს, რომელსაც პირადად მეფეს უკითხავდნენ მისი დაბადების დღეს:

ამავე ტექსტში ტრიფილე წერს:

„ირაკლის შობას, წელთა ორმეოც ცხრობას...“

და შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სიტყვებს:

„ძმის შობის სწრობას, არ წლითა დღით ათობას“.

ამ ცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ანტონ I დაბადებული იყო 1720 წლის 17 ოქტომბერს.


3. ერეკლე II და ანტონ I დაბადების - 10 დღის სხვაობა

A-1577 ხელნაწერის 2r-ზე უკვე მითითებულია ანტონ I-ის დაბადების დღე:

„თთუჱსა ოკდომბერსა (ოქტომბერი), 17, შობასა უნეტარესისადა უწმიდესისა პატრიარხისა მეფის ძის ანტონისისა...“

ამრიგად, ერთი და იმავე ხელნაწერში გვაქვს:

·                     ერეკლე II — 7 ოქტომბერი;

·                     ანტონ I — 17 ოქტომბერი.

ტრიფილე მცირის სიტყვები — „არ წლითა დღით ათობას“ — მიუთითებს, რომ ერეკლესა და ანტონის დაბადებებს შორის განსხვავება ათი დღე იყო და არა ერთი წელი.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან აღნიშნული ორი პიროვნება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ისტორიული ფიგურებია, ხოლო მათი დაბადების დღეების შესახებ ინფორმაცია ერთსა და იმავე ხელნაწერ წიგნშია დაცული.



4. ერეკლე II-ის თანამედროვე სამეფო კარის მოხელის (მდივნის და მდივანბეგის) იესე ბარათაშვილის ცნობა

7 ოქტომბრის სასარგებლოდ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ერეკლე II-ის თანამედროვე იესე ოსეს ძე ბარათაშვილის „ცხოვრება-ანდერძი“.

იესე ბარათაშვილი იყო ქართლ-კახეთის სამეფოს მდივანი და მდივანბეგი — ანუ პირი, რომელსაც სამეფო კართან უშუალო კავშირი ჰქონდა.

მის „ცხოვრება-ანდერძში“ ვკითხულობთ:

,,ქ. ღვინობისთვის (ოქტომბერი) ზ (7)  ბატონის შობის დღე იყო''- a 1770, 83V (ციფრი აღნიშნულია ძველი ქართული ანბანური ნუმერაციის ასო-ნიშნით — ზ - 7)

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ იესე ბარათაშვილის მიერ დასახელებული თარიღი კონკრეტული ისტორიული მოვლენების კონტექსტშია მოცემული და არა ერეკლე II-ის დაბადებიდან მრავალი ათწლეულის შემდეგ შექმნილ ისტორიოგრაფიულ თხზულებაში.


წყაროთა შედარება

ამრიგად, დაბადების თარიღთან დაკავშირებით გვაქვს ორი განსხვავებული ჯგუფის ცნობები.

ერთი მხრივ - მხოლოდ პ. ბუტკოვის გვიანდელი (1869 წელი) ცნობები

და:

მეორე მხრივ — საარქივო პირველწყაროები და ადრეული ქრონოლოგიური მასალა:

· თ. ჟორდანიას მიერ შემონახული ქრონოლოგიური ჩანაწერი — 1720 წლის 7 ოქტომბერი;


·  A-1577 ხელნაწერი — ერეკლე II-ის დაბადება 7 ოქტომბერს;


·               იმავე A-1577-ში ხელნაწერში ანტონ I-ის დაბადება — 17 ოქტომბერს, რაც ტრიფილეს ტექსტში ერეკლესთან ათდღიან სხვაობასაც ადასტურებს;


·     ერეკლე II-ის თანამედროვე იესე ბარათაშვილის A-1770 — მეფის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ტექსტში დაბადების თარიღად დასახელება ოქტომბრის 7 რიცხვი.


აქ წყაროთა ქრონოლოგიური და ტიპოლოგიური განსხვავებაც უნდა გავითვალისწინოთ.

ბუტკოვის 1869 წლის ნაშრომი არის XIX საუკუნის ისტორიოგრაფიული ნაშრომი, რომლის კონკრეტული პირველწყაროს მითითება მოცემულ ცნობებთან არ ჩანს და რომლის ცნობებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის!

ამის საპირისპიროდ, A-1577 და A-1770 წარმოადგენს ქართულ ხელნაწერ მასალას, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია XVIII საუკუნის ისტორიულ გარემოსთან; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ იესე ბარათაშვილი ერეკლე II-ის თანამედროვე იყო.


რატომ არის ერეკლე II-ის დაბადების დღედ 7 ოქტომბერი უფრო 

დასაბუთებული?

ისტორიული წყაროს შეფასებისას მხოლოდ ერთი ავტორის მიერ მითითებული თარიღის გამეორება საკმარისი არ არის. აუცილებელია დადგინდეს:

1.                  რამდენად ახლოსაა წყარო აღწერილ მოვლენასთან;

2.                  არის თუ არა ცნობილი მისი ინფორმაციის საფუძველი;

3.                  რამდენად თანმიმდევრულია მისი ცნობები;

4.                  დასტურდება თუ არა ინფორმაცია სხვა დამოუკიდებელი წყაროებით.

ამ კრიტერიუმებით საარქივო და სხვა დამოუკიდებელი წყაროების ერთობლივი შეფასება ცალსახად ადასტურებს, რომ ერეკლე II 7 ოქტომბერს დაიბადა. 

                                            

                                           დასკვნა

ამრიგად, არსებული საარქივო მასალებისა და სხვა დამოუკიდებელი წყაროების საფუძველზე, ერეკლე II-ის დაბადების თარიღია 1720 წლის 7 ოქტომბერი.

7 ნოემბრის თარიღი პ. ბუტკოვის დაუდასტურებელ ცნობას ეფუძნება. ბუტკოვი სხვადასხვა ადგილას არათანმიმდევრულ თარიღებს მიუთითებს და არ ასახელებს კონკრეტულ პირველწყაროს, რომელსაც მისი ცნობა ემყარება. უფრო მეტიც, ასეთი პირველწყარო დღემდე არ არის გამოვლენილი.

ამის საპირისპიროდ, 1720 წლის 7 ოქტომბერს ადასტურებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქართული საარქივო წყარო. 

შესაბამისად, წყაროთა კრიტიკული შეფასება ცალსახად აჩვენებს:             

ერეკლე II დაიბადა 1720 წლის 7 ოქტომბერს.



საარქივო დოკუმენტების ნაწილი, სადაც ერეკლეს თანამედროვეები ადასტურებენ მეფის 7 ოქტომბერს დაბადებას:




.........

პ. ბუტკოვის წიგნის (1869 წელი) ფურცლები, საიდანაც დაიწყო ერეკლე II-ის დაბადების თარიღის არასწორი დასახელება, აშკარაა რომ ეს არ არის სანდო ინფორმაცია, რადგან არანაირ წყაროს საიდან მოიტანა ეს ცნობები არ ასახელებს და ბევრად გვიანდელია ერეკლე II-ის თანამედროვეების მიერ დაწერილ საარქივო დოკუმენტების - პირველწყაროებისგან განსხვავებით:















ზემოთ მოყვანილი ტექსტი მომზადებულია - აპოლონ თაბუაშვილის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის წიგნის მასალების მიხედვით:
,,მეფე ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დაზუსტებისათვის'' 

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2020  



No comments:

Post a Comment