Thursday, December 26, 2024

საბჭოთა რეპრესიები თელავის და სიღნაღის მაზრების სოფლებში 1924 წლის სექტემბერში

თენგიზ სიმაშვილი

ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის 

ინსტიტუტის შრომები, 2024, ტ. XX


 

საბჭოთა რეპრესიები თელავის და სიღნაღის მაზრების სოფლებში 1924 წლის სექტემბერში

(საარქივო მასალების მიხედვით)

 

     2024 წლის აგვისტოში, საქართველოში მომხდარი აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყებიდან 100 წელი შესრულდა. ცნობილია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის კახეთში - თელავის და სიღნაღის მაზრებში, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შედეგები საკმაოდ ტრაგიკული იყო. საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივმა ძალისმიერმა სტურქტურებმა საშინელი სისასტიკე გამოავლინეს და ამ აჯანყებაში უშუალო მონაწილეების გარდა, მათთვის მიუღებელი სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი ადამიანები სიკვდილით დასაჯეს. [იხილეთ საარქივო დოკუმენტების კრებული - ,,ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და აჯანყებები საქართველოში 1921-1924. ნარკვევი. დოკუმენტები.’’, ნარკვევი ლევან ჯიქია,  გამოსაცემად მოამზადეს ლევან ჯიქიამ და დიმიტრი სილაქაძემ. 2024. ეროვნული არქივის გამომცემლობა]

      ჩვენს მიერ მოძიებული საარქივო დოკუმენტების ანალიზი ადასტურებს, რომ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით, კახეთში უამრავი ადამიანი იქნა დაპატიმრებული. მათი დიდი ნაწილი გაუსამართლებლად, ნაწილი კი ,,საგანგებო სამეულების’’ (,,ტროიკა’’) მიერ, სასჯელის უმაღლესი ზომის დახვრეტის განაჩენის გამოტანის დადგენილების საფუძველზე დახვრიტეს. [სიმაშვილი, თენგიზ. საბჭოთა რეპრესიები თელავში - 1921-1924 წლები. ნაწილი I, გამომცემლობა ,,მერიდიანი“, 2020]

       საბჭოთა ხელისუფლებამ, ასევე მიმართა რეპრესიების სხვა ფორმას. კერძოდ, მოსახლეობის დაპატიმრება-დახვრეტების პარალელურად, 1924 წლის სექტემბრის დასაწყისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მხარეებში, თელავის და სიღნაღის მაზრების სოფლებში დაიწყო აქ მცხოვრები თავად-აზნაურობის, სასულიერო წოდების, ინტელიგენციის წარმომადგენლების და ზოგადად საბჭოთა  ხელისუფლების მოწინააღმდეგედ მიჩნეული ადამიანების დევნა, საცხოვრებელი ადგილებიდან გაძევება, ფიზიკური განადგურება. [დასავლეთ საქართველოში 1924 წლის აგვისტოს შეიარაღებული აჯანყების და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ იხილეთ - ჯიქია, ლევან. 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში. გამომცემლობა ,,უნივერსალი“. 2011.  აღნიშნულ კვლევაში გაშუქებულია 1924 წლის აგვისტოს შეიარაღებული აჯანყების მომზადება და მიმდინარეობა დასავლეთ საქართველოში. საგანგებო ადგილი ეთმობა აჯანყების დამარცხების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებულ უსასტიკეს რეპრესიებს}

        საარქივო მასალების შინაარსიდან ირკვევა, რომ ამ პროცესების წამქეზებლები იყვნენ, საბჭოთა ხელისუფლების მიერ სამაზრო ცენტრებიდან სოფლებში მივლინებული საბჭოთა უშიშროების სამსახურის (პოლიტიკური პოლიციის) ,,ჩეკა’’-ს ადგილობრივი ორგანოების - ე.წ. ,,პოლიტიკური ბიურო’’-ს (სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო (გპუ)) და სამაზრო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

       1924 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში, კახეთის სხვადასხვა სოფლებში მომხდარი მოვლენების შესახებ, იქ მცხოვრები თავად-აზნაურობის, სასულიერო წოდების, ინტელიგენციის წარმომადგენლების დარბევებზე და განდევნაზე სამეცნიერო ისტორიულ ლიტერატურაში ნაკლებადაა ცნობილი. როგორც ირკვევა, თელავის და სიღნაღის მაზრებში, 1924 წლის სექტემბრის დასაწყისში გლეხობის ვითომდა ,,სტიქიური’’ მიტინგები დაიწყო. ადგილებზე მაზრებიდან ჩასული საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების წაქეზებით, სოფლების მოსახლეობის ნაწილმა - ძირითადად ღარიბმა, ბოგანო გლეხებმა, ვისაც უმეტესად წინასწარ ასმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს, დაიწყეს თავისივე თანასოფლელების დევნა, მათი ოჯახების დარბევები და მათი ფიზიკური განადგურება.

      აღნიშნულმა პროცესმა, იმდროინდელ საბჭოთა პრესაშიც ჰპოვა თავისი ასახვა. მაგალითად, გაზეთ ,,კომუნისტში“ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც დათარიღებულია 1924 წლის 7 სექტემბრით, ვკითხულობთ: ,,სოფელ იყალთოდან მიღებულია იყალთოს რაიკომის მდივნის ამხ. კოხტაშვილის შემდეგი შინაარსის ცნობა: ,,რაიონში ადგილი აქვს დიდ აღშფოთებას თავადების და აზნაურების წინააღმდეგ. გლეხები იკრიბებიან ჯგუფ-ჯგუფებად და დანგრევას აპირებენ თავადების სახლების. სამაზრო კომიტეტმა მისცა ამხ. კოხტაშვილს დირექტივა - თავიდან აეცდინა ექსცესები, დაემშვიდებინა გლეხები და დაერწმუნებინა ისინი, რომ საბჭოთა ხელისუფლება თავისი საგლეხო აპარატების შემწეობით მიიღებს ზომებს რაიონებიდან იმ თავადების და აზნაურების გადასახლებისათვის,  რომლითაც უკმაყოფილოა გლეხობა. დღეს დილის 7 საათზე და 30 წუთზე მიღებულია იყალთოდან ამხ. კოხტაშვილისგან შემდეგი შინაარსის ცნობა: ,,დღეს განთიადისას სოფელ იყალთოს ყველა გლეხები გამოვიდნენ ქუჩაში რევოლუციური სიმღერით, კეტებით შეიარაღებულები, აღშფოთების ხმებით ,,სიკვდილი თავადებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას, ჩვენ თვითონ გავწმენდთ არამზადა თავადების ნაშთებს, სოფლებიდან გაემართნენ  ქალებთან და ბავშვებთან ერთად თავადების სახლებისკენ’’. [გაზეთი ,,კომუნისტი“, 1924 წელი, 7 სექტემბერი]

       ამ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თითქოსდა ადგილობრივმა ხელისუფლებამ სცადა გლეხების დამშვიდება, მაგრამ: ,,გლეხებმა დღეს დილით გარეკეს თავადები თავიანთი სახლებიდან და მათი ქონების ნაწილს ცეცხლი გაუჩინეს, ქვის სახლებში ჩაასახლეს უღარიბესი გლეხები. განდევნილი თავადები შეიპყრო პანიკამ და გარბიან თელავის მიმართულებით. შესაძლებელია მოძრაობა მოედოს სხვა რაიონებსაც, მაგალითად ვაჩნაძიანს, საბუეს, ახმეტას და სხვა ყოფილ თავდთა ბუნაგებს’’ . [გაზეთი ,,კომუნისტი“, 1924 წელი, 7 სექტემბერი]

        იგივე თემას - სოფლებიდან მოსახლეობის ნაწილის განდევნას ეხება, 1924 წლის გაზეთ კომუნისტის 9 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილი წერილი სათაურით - ,,კახეთში. (საუბარი ამხ. მათიკაშვილთან)“. [შალვა მათიკაშვილი 1923 წლის 20 ივლისიდან 1924 წლის 15 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს კპ (ბ) თელავის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარედ. იყო ,,საგანგებო სამეულის წევრი’’. დახვრიტეს 1937 წლის 13 ივლისს] იმ დროს თელავის მაზრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მათიკაშვილი, რომელიც ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებდა თელავის მაზრაში საბჭოთა რეპრესიების განხორციელებაში, მოუთხრობდა მკითხველს: ,,კახეთში (თელავის და სიღნაღის მაზრაში) ისე როგორც მთელ საქართველოში პარიტეტული კომიტეტის მუშაობის ერთ-ერთ ბაზას წარმოადგენდნენ ყოფილი თავადები, აზნაურები და სამღვდელოება. ... როგორც კი გლეხებმა გაიგეს, რომ საქართველოს ზოგიერთ კუთხეებში ადგილი ჰქონდა ბანდიტურ გამოსვლებს ხელისუფლების წინააღმდეგ, ისინი მოითხოვდნენ მუშურ-გლეხური მთავრობის მტრების სასტიკ და დაუზოგავ დასჯას. ყველა სოფლებიდან მოდიოდა მრავალრიცხოვანი გლეხთა მიტინგების დადგენილებანი, რომელიც მოითხოვდა გაბედულ ზომების მიღებას იმ ბანდიტების ცდის წინააღმდეგ, რომელნიც არღვევენ საქართველოს მშრომელთა მყუდრო ცხოვრებას. გლეხებმა განაცხადეს, რომ თუ ხელისუფლება ლმობიერად მოეპყრობა ბანდიტებს, ისინი თვითონ გაუსწორდებიან თავის მოსისხლე მტერს’’.  [გაზეთი ,,კომუნისტი“, 1924 წელი, 9 სექტემბერი]

      1924 წლის 13 სექტემბერის გაზეთ ,,კომუნისტში“, საერთო სათაურით - ,,მენშევიკური ბანდიტების ლიკვიდაცია“, ქვესათაურის ქვეშ - ,,გლეხობა თავად-აზნაურების წინააღმდეგ, თელავი“ წერია: ,,ჩვენ გვატყობინებენ თელავიდან შემდეგს: ჯერ კიდევ გუშინ სამაზრო კომიტეტმა აცნობა ცეკა-ს იმის შესახებ, რომ მაზრაში გლეხებს შორის საშინელი აღშფოთებაა თავადების და აზნაურების წინააღმდეგ. ჩვენი საბჭოთა ორგანოები რაიონებში ძლივს აკავებდნენ გლეხების ამ აღშფოთებას, რომელმაც კინაღამ მიიღო სტიქიური აჯანყების და თვითგასამართლების ხასიათი თავადების წინააღმდეგ. გუშინ სამაზრო კომიტეტმა ყველა რაიონიდან მიიღო ცნობა, რომ გლეხებმა, როგორც კი გაიგეს, რომ გამოსვლა საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილი იყო პარიტეტული კომიტეტის მიერ, რომელშიც გაერთიანებული არიან თავადები, აზნაურები, ოფიცრები, მღვდლები და ჩარჩები, მოითხოვეს დაუყოვნებლივ გაძევებული ყოფილიყვნენ სოფლებიდან თავად-აზნაურები მთელი თავიანთი ოჯახებით და ოჯახის წევრებით, დაუყოვნებლივ დაეპატიმრებინათ ყველა თავადები, რომელთაც შეუძლიათ იარაღის ტარება. გლეხები იმუქრებოდნენ, რომ თუ სახელმწიფო ვერ გამოიჩენს სიმტკიცეს ამ საკითხში, მაშინ თვით გლეხობა იკისრებს მათ გაწმენდას რკინის ცოცხით. გუშინვე სამაზრო კომიტეტი თავისი რაიკომების საშულებით შეეცადა განემარტა აღელვებული გლეხებისათვის, რომ საბჭოთა ხელისუფლება ღებულობს და მიიღებს უსასტიკეს ზომებს საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო შეიარაღებული გამოსვლების და შეთქმულების მომწყობთა წინააღმდეგ. რაიკომებს წინადადება მიეცათ მიიღონ ყოველგვარი ზომები მოსალოდნელი ექსცესების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ხალხის დამშვიდება“. [გაზეთი ,,კომუნისტი“, 1924 წელი, 13 სექტემბერი]

       საარქივო მასალები ადასტურებენ, რომ სწორედ საბჭოთა ხელისუფლება იყო დაინტერესებული სოფლებიდან და ზოგადად საქართველოს ტერიტორიიდან თავად-აზნაურების განდევნით. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია, 1929 წლის მაისით დათარიღებული საარქივო საქმე სათაურით: ,,სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საქმე, საქართველოს საზღვრებიდან აგვისტოს გამოსვლების მონაწილე თავად-აზნაურობის გასახლების წესის შესახებ’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 374, გვერდი 1,2]

       ამ საარქივო საქმეში დევს ,,საიდუმლო წერილი’’, რომელსაც - ,,სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი“-ს ხელმძღვანელი მიხა ცხაკაია უგზავნის ,,ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს“. დოკუმენტში ვკითხულობთ: ,,1924 წელს აგვისტოს მენშევიკური ავანტიურის შემდეგ საქართველოს სსრ გლეხებმა ცალკეულ მაზრებში დაიწყეს სტიქიურად განდევნა ყოფილი თავადების და აზნაურების მათი ნაჯდომი ბუდებიდან და ჩამოართვეს მათ მოძრავი და უძრავი ქონება. ამასთან, ეს განდევნა უმეტეს შემთხვევაში ეხებოდა პირებს, ვინც პირდაპირ და ირიბად იღებდა მონაწილეობას კონტრ-რევოლუციურ მოძრაობაში. ყოფილი თავადების და აზნაურების გასახლების დარეგულირებისათვის საქართველოს სსრ-ს ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა 1925 წლის 9 იანვარს მიიღო  და გამოსცა სპეციალური დადგენილება, ყოფილი თავადების და აზნაურების ადმინისტრაციული წესით გასახლებაზე. მალევე ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა და სსრკ-ს უმაღლესმა საბჭომ  მიიღო დადგენილება ჩამოერთმიათ ყოფილი მემამულეებისთვის ოქტომბრის რევოლუციამდე მათ საკუთრებაში არსებულ მურნეობებში მიწათმფლობელობის და იქ ცხოვრების უფლება’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 374, გვერდი 1,2]

        საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებში დაცულია, საქართველოს სსრ-ს ,,სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის’’ მასალები, სადაც 1924 წლის სექტემბერში დატრიალებული საბჭოთა რეპრესიების შესახებ ინფორმაციებია შემონახული. [აქვე, მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს ეროვნული არქივის და კახეთის რეგიონალური არქივის თანამშრომლების, განსაკუთრებით ქალბატონ ქეთევან ასათიანის მიმართ, კვლევის პროცესში გაწეული დახმარებისთის] მათ შორის არის, 1924 წლის ოქტომბერში თელავის და სიღნაღის მაზრის სოფლებში ჩატარებული სოფლის მოსახლეობის კრებების ოქმები. როგორც ჩანს, 1924 წლის სექტემბერში განხორციელებული რეპრესიებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, იმავე წლის ოქტომბრის დასაწყისში კახეთის სხვადასხვა სოფლებში, ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები ჩასულან. მათ ჩაუტარებიათ კრებები, შეუდგენიათ ოქმები სოფლებიდან განდევნილი მოსახლეობის - ,,თავად-აზნაურობის განდევნის საკითხთან’’ დაკავშირებით. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11, საქმე 42]

      აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც 1924 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ ,,კომუნისტში“ წერს ლევან ღოღობერიძე, [ლევან ღოღობერიძე - 1923-1924 წლებში საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. დახვრიტეს 1937 წელს] მას და სხვა  ,,პარტიულ ამხანაგებს“, მათ შორის ვანო სტურუას, 1924 წლის სექტემბრის ბოლოს, ექვსი დღის განმავლობაში ჩამოუვლიათ სიღნაღის და თელავის მაზრის სოფლები, რათა გაერკვიათ: ,,გლეხთა აღშფოთების ნამდვილი მიზეზები და ყველგან ხვდებოდნენ ერთსა და იმავე მტკიცე და შეგნებულ სულიერ განწყობას: გლეხები ერთსულოვნად და ზიზღით იგონებდნენ თავად-აზნაურებს და კატეგორიულად მოითხოვდნენ მათ საბოლოოდ განდევნას კახეთიდან“. [გაზეთი ,,კომუნისტი“, 1924 წელი, 3 ოქტომბერი. მასალა მოგვაწოდა კოკი ფერაძემ] როგორც ჩანს, საბჭოთა ხელისუფლების მაღალი რანგის პირების  სწორედ ამ ჩასვლას მოყვა, კახეთის სოფლებში აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობის კრებების ჩატარება.

         თელავის მაზრის სოფელ ნაფარეულის, სანიორის და ართანის სასოფლო საბჭოს 1924 წლის 5 ოქტომბრით დათარიღებულ ღია სხდომის ოქმში ვკითხულობთ: ,,სხდომას დაესწრნენ ზემოაღნიშნული სოფლების საბჭოს წევრების უმრავლესობა, გლეხკაცობის საგრძნობი ნაწილი და მაზრიდან ჩამოსული კომისია სამი კაცის შემადგენლობით. დღის წესრიგი - განხილვა გლეხების მიერ გამოდევნილი თავადების სიისა. მოისმინეს და დაადგინეს:

·      ნაფარეულიდან - ყარალაშვილი თამარა (დათას ცოლი). დადასტურებულ იქნეს სოფლის დადგენილება, რომლითაც იგი გაძევებული ყოფილა გლეხების მიერ სოფლიდან. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ იგი როგორც თავადის ცოლი მუდამ ჩაგრავდა გლეხებს და ამჟამადაც იყო მუშურ-გლეხური ხელისუფლების მტერი.

·              სანიორიდან - ავალიშვილები ვასილ და ილიკო ნიკოლოზის ძენი (ძმები). დაადგინეს: დადასტურებულ იქნეს სოფლის დადგენილება, რომლსი ძალითაც ისინი გაძევებული ყოფილან სოფლიდან. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ხსენებული თავადები არიან აქტიური მონაწილეები აჯანყების, რეაქციის დროს სდევნინენ გლეხებს.

·                 სოფელ ართანა - ყარალაშვილი რეზიკო მიხეილის ძე. დაადგინეს:  დადასტურებულ იქნეს სოფლის დადგენილება, რომლის ძალითაც იგი გაძევებული ყოფილა სოფლიდან გლეხების მიერ. ამჟამად იგი დახვრეტილია“.  [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი გვერდი 9. [რევაზ(რეზო) ყარალაშვილი დახვრიტეს 1924 წლის 5 სექტემბერს თელავში. იგი  იყო 1923 წელს ,,სამხედრო ცენტრის’’ წევრობის ბრალდებით დახვრეტილი ფარნაოზ ყარალაშვილის მამა]

       სოფელ  ართანიდან  სხვა პირებიც გაუძევებიათ, მათ შორის - ,,კოხტა გიგოს ძე ყარალაშვილი: რეაქციის იყო პრისტავი ოფიცერი, სცემდა გლეხებს, ამჟამადაც იყო აქტიური მონაწილე აჯანყებისა, რაზედაც იგი დატუსაღებულია’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 9]

         ამ სოფლიდან გაძევებული პირების ჩამონათვალში, ძირითადად თავად ყარალაშვილების გვარის წარმომადგენელი მამაკაცები არიან, თუმცა ასევე გაუძევებიათ ქალი - ტალია ყარალაშვილი. იგი ყოფილა გლეხ სანდრო სესიაშვილის ცოლი: ,,ტალია ყარალიაშვილი მასხრად იგდებდა გლეხკაცობას და ამჟამადაც არ დაკარგა თავისი ზნე-ჩვეულება. მის მამულზე დატოვებული იქნეს მისი ქმარი სესიაშვილი’’  - გადაუწყვეტიათ სხდომაზე. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 9] 

         სოფელ ართანიდან გაძევებულ პირთა შორის დასახელებულია ასევე მანანა ყარალაშვილი: ,,დადასტურებულ იქნეს სოფლის დადგენილება რომ იგი გაძევებული ყოფილა სოფლიდან. იგი არის მტერი არსებული ხელისუფლების და მოტრფიალე ჩოლოყაშვილის ბანდის“. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 9]

         თელავის მაზრის სოფელ ნაფარეულის, სანიორის და ართანის სასოფლო საბჭოს  ამ კრებას თავმჯდომარეობდა მახარეიშვილი, მდივანი ყოფილა კაკაბაძე. თელავის თელავის მაზრის წარმომადგენლი სამ კაციანი კომისიის წევრები კი: ქორიძე, კაკაბაძე და მამაჯანოვი. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 9] [სავარაუდოდ ქორიძე იყო, იმ დროს თელავის მაზრის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგე საშა ქორიძე, რომელიც 1924 წლის 4-5 სექტემბრის ღამეს ხელში დაჭრა ახალგაზრდა კომკავშირელმა საშა ჯორჯაძემ. ამ უკანასკნელს საკუთარი მამის დახვრეტას აიძულებდა თელავის მაზრის ,,სამეულის“ წევრი კოლია ჯაფარიძე. საშა ჯორჯაძემ მძიმედ დაჭრა კოლია ჯაფარიძე, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. საშა ქორიძე კი გადარჩა. ეს ტრაგიკული ისტორია იხილეთ - სიმაშვილი, თენგიზ. 1924 წლის სისხლიანი სექტემბერი თელავში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. XVI. გვერდი 211]      

        მსგავსი სახის კრებები თელავის მაზრის სხვა სოფლებშიც გამართულა. 1924 წლის 17 ოქტომბერს სოფელ კურდღელაურში ჩატარებულ სოფლის საბჭოს კრებას: ,,დაესწრო უმრავლესობა და მაზრაში შემდგარი კომისიის წევრი ამხ. მამაჯანოვი განდევნილი თავად-აზნაურების საკითხის გამოსარკვევად. დღის წესრიგი - განხილვა პერსონალურად სოფლიდან განდევნილი თავად-აზნაურებისა’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 10]

       კრებაზე მოუსმინიათ და დაუდასტურებიათ სხვადასხვა პირების გაძევების გადაწყვეტილება, მათ შორის ერთ-ერთი გაძევებული იყო ნინო ერისთავი, რადგან: ,,ხსენებული ერისთავი, როგორც თავადი ამწუხრებდა გლეხებს’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 10]

       ამავე სოფლიდან გაუძევებიათ ქეთო თარხანიშვილი, თუმცა მასზე არაა მითითებული რომ თავადია, პირიქით აღნიშნულია, რომ: ,,იგი არის მიწის მუშა’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 10]

        სოფელ კურდღელაურიდან გაძევებულებს შორის არიან - ,,მიშა რუსიევი, როგორც თავადი და მუშების ექსპლოატატორი’’, ასევე ლუკა და ანასტასია ნინიევები, ბარბარე ხირსელი, დათა ზურაბიშვილი, ალექსანდრე(ცუცა) რუსიევი. სოფლის საბჭოს კრების სხდომის ამ ოქმს ხელს აწერენ - ვ. ციხისთავი, მამაჯანოვი, კაკაბაძე და სხდომის მდივანი ჩუბინიძე. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 10]

     გაძევებები ხდებოდა სხვა ადგილებშიც. მაგალითად, ამჟამად ახმეტის მუნიციპალიტეტის, იმ დროს კი, თელავის მაზრაში შემავალი სოფელ ხორხლის საბჭოს სხდომის ოქმი მიხედვით, 1924 წლის 26 ოქტომბერს გამართულ სხდომას დასწრებიან: ,,საბჭოს წევრები, გლეხები, მაზრაში შემდგარი კომისია გლეხების მიერ განდევნილი თავადაზნაურების საკითხის გამოსარკვევად“. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 11]

      ამ სხდომაზე ,,მოუსმენიათ საკითხი“ კოტე თურქესტანიშვილის შესახებაც და დაუდგენიათ: ,,დაბრუნდეს სოფლად, როგორც პატიოსანი მშრომელი მუშა და არავითარი ბოროტება არ მიუძღვის მუშა-გლეხებთან’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 10] იგივეა აღნიშნული დათა თურქესტანიშვილზე, ილია საყვარელიძეზე, ფეფე დეკანიზიშვილზე, კიკუშა დეკანოზიშვილზე, მიშა საყვარელიძეზე. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 10] ანუ, ეს ადამიანები 1924 წლის სექტემბერში სოფლებიდან იყვნენ გაძევებული, მაგრამ გადაწყვიტეს მათთვის სოფლებში დაბრუნების ნებართვა მიეცათ.

       სხდომის ოქმში ნახსენებია ვანო საყვარელიძე, რომელზეც ნათქვამია: ,,ხსენებული პირი ინახავდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანდას, იყო აქტიური მონაწილე მისი ბანდის მოქმედებისა. ამჟამად ის მასწავლებელია და არ შეეფერება თავის დანიშნულებას, როგორც საბჭოთა ხელისუფლების მტერი. გლეხები საჭიროდ სცნობენ ხსენებული პირი იქნეს მოხსნილი მასწავლებლობიდან“. (დოკუმენტი # 1) [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 10] ამ დოკუმენტს ხელს აწერენ  არსენაშვილი, კაკაბაძე და მდივანი მამაჯანოვი. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 10]

     ამრიგად, როგორც ირკვევა, 1924 წლის სექტემბრის დასწყისში სოფლებიდან ხდებოდა არა მარტო თავად-აზნაურების, არამედ ინტელიგენციის წარმომადგენლების გაძევება, რომლებსაც ასევე ატოვებინებდნენ სამსახურს.

     გარდა ამისა, როგორც ამავე საარქივო საქმეში დაცული, 1924 წლის 30 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, სოფლებში სახლები და მიწები ჩამოართვეს ადამიანებს, ვინც რეალურად არ მიეკუთვნებოდნენ საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელ სოციალურ ფენას და არც კავშირი ჰქონდათ აგვისტოს შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილე პირებთან.

       მაგალითად, ქალაქ თელავში მცხოვრები, პროფესიით ,,მშობიარეების ექიმი’’ - ,,აკუშერკა“ მარიამ რცხილაძე განცხადებას უგზავნის ვანო სტურუას. [ვანო სტურუა - 1922-1924 წლებში - საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარი, შემდეგ საკავშირო კომუნისტური პარტიის(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პარტკოლეგიის საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე] მარიამ რცხილაძის სიტყვებით: ,,ოცი წელია ქვრივია და ორი შვილის პატრონი, დავრჩი უმუშევრად, პენსიის გარეშე. აგვისტოს გამოსვლების შემდეგ მეც სხვებთან ერთად მამული ჩამომერთვა და შევიქმენ უკიდურეს მდგომარეობაში’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 58]

      მ. რცხილაძე ითხოვდა, 1924 წლის აგვისტოს შეიარაღებული აჯანყების პერიოდში, გლეხების მიერ მისთვის ჩამორთმეული კუთვნილი მამულის - ,,ერთი დესეტინა ვენახის მარნით’’, რომელიც ჰქონდა სოფელ ურიათუბანში (ვაზისუბანი) მისთვის დაებრუნებინათ.  [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 11. გვერდი 58]

      რაც შეეხება სიღნაღის მაზრას, საარქივო მასალების შინაარსის მიხედვით, ამ მაზრაში სოფლებიდან საბჭოთა ხელსიუფლებისთვის მიუღებელი პირების გაძევებას თან ახლდა საშინელი სისასტიკე, რაც გამოიხატა ადამიანების ფიზიკურ ანგარიშსწორებაში და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მათ დახოცვაში. ფაქტობრივად ეს იყო ადამიანების ე.წ. ,,ლინჩის წესით გასამართლება’’, ანუ  ბრბოს მიერ ჩადენილი მკვლელობა.

     ამას ადასტურებენ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სხვადასხვა სახის დოკუმენტები. სიღნაღის სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმის, 1925 წლის 12 თებერვლით დათარიღებული სხდომის ოქმის მიხედვით, განუხილიათ: ,,განდევნილ თავად-აზნაურთა შესახებ საბჭოების მიერ გამოტანილი დადგენილებები(ოქმები)‘’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 1]

      სხდომაზე დაუდგენიათ, რომ: ,,აღნიშნული ოქმები დადასტურდეს და წარედგინოს სრულიად საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს დასამტკიცებლად’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 1]

       სიღნაღის სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმის ამ სხდომაზე, განსახილველად შესული ყოფილა, 1924 წლის ოქტომბრის დასაწყისით შემდეგი სასოფლო საბჭოების მიერ დაწერილი ოქმები: ახაშენ-ჩუმლაყის, ბაკურციხის, კარდენახის, კოლაგ-ვეჯინის, ვაქირის, ბოდბისხევის, გურჯაანის და ტიბაანის. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 1] 1925 წლის 12 თებერვლით დათარიღებული სხდომის  ამ ოქმში ვკითხულობთ: ,,აღნიშნული ოქმებიდან ჩანს, რომ ადგილობრივ გლეხთა მოსახლეობის სურვილის თანახმად, საბჭოების მიერ დადგენილებათა მიხედვით განდევნილ არიან“. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 1]

       ამ ტექსტს მოსდევს, განდევნილი პირების ჩამონათვალი სოფლების მიხედვით. მაგალითად, ახაშენ-ჩუმლაყის სასოფლო საბჭოში შემავალი ამ სოფლებიდან  გაუდევნიათ: ,,ყოფილი მღვდელი ისიდორე ვაჩეიშვილი ოჯახობით, კოლა ალექსანდრეს ძე მაჭავარიანი ცოლით, ქვრივი სონა გიჟიმყრელი შვილით, კოლა მიხეილის ძე გიჟიმყრელი, ილიკო კონსტანტინეს ძე გიჟიმყრელი, ნიკო ზაალის ძე წინამძღვრიშვილი შვილებით, დახვრეტილი გიორგი წინამძღვრიშვილის ოჯახი, ელენე დავითის ასული ჯორჯაძისა’’ და კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 1,2,3]

        სოფელ ბაკურციხიდან გადევნილ ყოფილან შემდეგი პირები: ,,გიორგი ალექსანდრეს ძე ვაჩნაძე, ჩაქვავებული გიორგი სოლომონის ძე ვაჩნაძის ოჯახობა შვილებით, ჩაქვავებული მიხეილ ზაქარიას ძე ვაჩნაძის ოჯახობა - ორი ვაჟი, დახვრეტილი მიხეილ ზაქარიას ძე ვაჩნაძის ოჯახობა - ცოლი იულია ორი შვილით, ადამ იოსების ძე ვაჩნაძის - ჩაქვავებულის ოჯახობა, ჩაქვავებული ნიკო დიმიტრის ძის ვაჩნაძის ოჯახობა - ძმა ექიმი გიორგი ვაჩნაძე ოჯახობით, ირაკლი და ილიკო აფხაზები ჩაქვავებული ხალხის მიერ, ჩაქვავებული ხალხის მიერ სიკო(სიმონ) რევაზის ძე ვაჩნაძის ოჯახის შემადგენლობა’’ და სხვები. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 1,2,3]

      ამ ჩამონათვალში მყოფ ადამიანთა შორის გამოვყოფთ დავით ვაძნაძეს, რომელზეც სოფლიდან გადევნილების ამ სიაში ასე წერია - ,,დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე გაქცეულია, მისი დედა ელენე’’. ანუ სოფელ ბაკურციხიდან 1924 წლის აგვისტოში განდევნეს, გაასახლეს შემდგომში ემიგრაციაში წასული, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის დავით ვაძნაძის დედა. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 1]

        სოფელ ბაკურციხის საბჭოს, 1924 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმში უფრო ,,სრულყოფილად’’ არის ასახული დავით ვაჩნაძის ,,დაუსწრებლად’’ სოფლიდან გაძევების მიზეზი: ,,დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე - გაქცეულია ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. დედა მისი ელენე მომხრეა მისი მოქმედების და ქაქუცას გამარჯვების ტრფიალია’’. (დოკუმენტი # 4) [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 40]  [დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი. მისი მამა - პოლკოვნიკი ვლადიმერ ვაჩნაძე სოფელ ბაკურციხიდან იყო, სადაც 1919 ოქტომბერში გარდაიცვალა. დედა - ელენე მაჩაბელი სოფელ დიდი ლილოდან გახლდათ]

           სოფელ კარდენახიდან გაძევებული ადამიანების ჩამონათვალში ვკითხულობთ: ,,ჩაქვავებული დათა ალექსანდრეს ძე იგივე ილარიონის ძე ფორაქიშვილი ოჯახობით - ცოლით, შვილებით და რძლით, ჩაქვავებული ივანე ვაჩნაძის ცოლშვილი, დახვრეტილი ვიქტორ (ვახტანგ) გიორგის ძის ვაჩნაძის ოჯახი დედა და და, დახვრეტილი ლევან სამადაშვილის ცოლშვილი’’ და სხვები. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 41,45]

        სხვადასხვა სოფლებიდან განდევნილი პირების გვარებს, მინაწერები აქვთ, თუ რატომ გააძევეს ისინი. მაგალითად, ერთ-ერთი პირის შესახებ წერია: ,,ქვრივი სოფიო ჩოლოყაშვილისა. ქაქუცამ ამ ქვრივთან სამჯერ იქეიფა, რომლისთვის გაძევებულ სოფიოს შვილი დაუხვრიტეს, რის შემდეგ შურისძიებით იყო გაჟღენთილი გლეხკაცობისადმი აღნიშნული სოფიო ჩოლოყაშვილი’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 41]

         როგორც უკვე ვახსენეთ, ზემომოყვანილ დოკუმენტებში დასახელებულ პირებს მიწერილი აქვთ - დახვრეტილი, ჩაქვავებული და სხვა. დახვრეტილში იგულისხმება 1924 წლის აგვისტოს შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯილი ადამიანები. რაც შეეხება ,,ჩაქვავებული’’ - ეს იყო უსასტიკესი ანგარიშსწორება, ყოვლად უდანაშაულო ადამიანების ქვებით და კეტებით  მოკვლა. როგორც ჩვენს მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, გაძევების პროცესის დროს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ წაქეზებულ გლეხებს, ზოგიერთ სოფელში ასეთნაირად დაუხოციათ რამოდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანი.

        სოფლებიდან განდევნილებზე და დახოცილებზე, შედარებით ვრცელი ინფორმაციები დაცულია, სიღნაღის მაზრის სოფლების - ბაკურციხის და კარდენახის სასოფლო საბჭოების, 1924 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამართულ სხდომების ოქმებში. 1924 წლის 3 ოქტომბერს გამართულ სოფელ ბაკურციხის სასოფლო საბჭოს სხდომას დასწრებიან - ,,სიღნაღის სამაზრო პარტიული კომიტეტის წარმომადგენელი ბადოშვილი, სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი, მაზრის ინსტრუქტორი  მხეიძე, სამაზრო მილიციის უფროსის მოადგილე აბულაძე, სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე ბეჟაშვილი, საბჭოს ექვსი წევრი’’. (დოკუმენტი # 2) [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 41]

    სხდომაზე განუხილიათ - ,,აჯანყების სამზადისის მიმხრობისთვის და სხვა და სხვა ანტი-რევოლუციური მოძრაობისთვის სოფელ ბაკურციხიდან გაძევებულ თავად-აზნაურთა თავიანთ ოჯახებში დაბრუნების შესახებ’’.  როგორც დოკუმენტში წერია: ,,კრებამ ბევრი კამათის შემდეგ დაადგინა: სოფელ ბაკურციხიდან სამუდამოდ ოჯახობით და საშვილიშვილოდ განდევნილ-გაძევებული იქნენ ქვემორე ჩამოთვლილი ბაკურციხის მცხოვრებლები ბრწყინვალე წოდებიდან სხვადასხვა დანაშაულებებისათვის, გლეხკაცობის ჩაგვრა-წვალებისათვის და მოდგმით მტრობისთვის და მოუსვენრობისთვის, ყოველგვარი მოძრავ-უძრავი ქონების კონფისკაციით და, რაზედაც ეთხოვოს ს.ს. საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოს’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 41]

            აქვე არის გაძევებული ადამიანების ჩამონათვალი:

·                 ,,ჩაქვავებული გიორგი სოლომონის ძე ვაჩნაძის ოჯახობა, ტასო ვაჩნაძისა შვილებით, კონტრ-რევოლუციონერი, მუშურ-გლეხური მთავრობის დაუძინებელი მტერი, პროვოკატორი და ჩუმი მოღალატე.

·                 ჩაქვავებული მიხეილ სოლომონის ძე ვაჩნაძის ოჯახობა, რომელშიც იგულისხმება მხოლოდ ორი ვაჟი: კოლა და შაშო. გაიძვერას გზაზე მდგომნი, შურის მაძიებელნი და მომავალი გლეხთა მოსახლეობის შიშიანობის მომგვრელნი.

·                 ადამ იოსების ძე ვაჩნძის უკვე ჩაქვავებულის გლეხკაცობის მიერ, ოჯახობა დაუძინებელი მტერი გლეხკაცობისა. ემუქრებოდა გლეხებს, რომ სადაც არის ისევ ტყავს გაგაძრობენო, ,,ქაქუცა თავისი ბანდით მუსრს გაგავლებთო“. ეს ოჯახი ბოროტ მოუსვენარი იყო გლეხთა წრეში მამულების მითვისების საქმეში.

·                 ჩაქვავებული ხალხის მიერ სიკო (სიმონ) რევაზის ძე ვაჩნაძის ოჯახის შემადგენლობა -  მთელი მონარქიული წესწყობილების მომხრე გასაბჭოების დროს მთელი ოჯახი და ჩაქვავებული, ყოფილი ნიკოლოზის დროის პოლკოვნიკი. თავდაუზოგავად ეძებდნენ საშუალებას წითელი არმიის საწინააღმდეგოდ და დაჩაგრული გლეხ-კაცობის შესამუსრავად, ქაქუცას საუკეთესო მასპინძელი და ხარჯის მიმწდომი, რომლისთვის ერთი შვილი სიკო რევაზის ძე დაიხვრიტა’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 39,40]

          სია საკმაოდ დიდია და მასში, როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ - ,,ადამ იოსების ძე ვაჩნაძის უკვე ჩაქვავებულის გლეხკაცობის მიერ’’ მსგავსად, სოფელ ბაკურციხეში გლეხების მიერ  ,,ლინჩის წესით“ დახოცილი - ,,ჩაქვავებული’’ სხვა ადამიანების  გვარ-სახელებიცაა შეტანილი. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 39,40] (დოკუმენტები # 3, 4)

     აღსანიშნავია, რომ ამ ტექსტს მოსდევს კრების თავმჯდომარის და ბაკურციხის სასოფლო საბჭოს წევრების ხელმოწერებიც. თუმცა აქვე წერია: ,,კრების თავმჯდომარე ნ.ბ. რადგან ხელმოწერა არ იცის მის მაგივრად ხელს აწერს ზ.ა.’’ (არ ვწერთ სრულად გვარ სახლებს. თ.ს.) საბჭოს წევრების გვარ-სახელების ჩამონათვალში, სამი პირის გასწვრივ ხელმოწერის ადგილზეც წერია, რომ მათ მაგივრად ხელს სხვა პირი აწერს. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 40]

      საარქივო მასალებში ასევე დაცულია, 1924 წლის 5 ოქტომბერს, სიღნაღის მაზრის სოფელ კარდენახში შემდგარი კარდენახის სასოფლო საბჭოს სხდომის ოქმები. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 42,43,44,45] ამ სხდომას რომელსაც დასწრებია ოცამდე ადამიანი, ასევე მაზრის ინსტრუქტორი და მაზრის მილიციის წარმომადგენელი განუხილავთ: ,,1924 წლის აგვისტო-სექტემბერში შეთქმულების და საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ აჯანყების სამზადისის მომხრეობისთვის გაძევებული სოფელ კარდენახიდან, თავადაზნაურებისა და მათი ოჯახობების ისევ თავ-თავიანთ სახლში დაბრუნების შესახებ’’ საკითხი. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 42]

     დოკუმენტში წერია: ,,კრებამ გაითვალისწინა რა ქვემორე აღნიშნული მათი დანაშაულებანი სოფლის მშრომელთა ხალხის საზიანოდ, ნიადაგ მათის მეოხებით მოსუსვენრობა აუტანელი ჩაგვრა-ვაგლახი და სხვა დადგინა: ქვემორე ჩამოთვლილი სოფელ კარდენახის მცხოვრებნი გლეხთა მყუდრო ცხოვრების მავნე პირები, თავ-თავიანთ ოჯახობით, განდევნილ-გაძევებული იქმნენ სოფელ კარდენახის სოფლის მოსახლეობის წრიდან უძრავი ქონების კონფიკაციით, რომელზედაც ეთხოვოს ს.ს. საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოს“. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 42] (დოკუმენტი # 5)

         ამ ტექსტს მოსდევს სოფლიდან განდევნილი ადამიანების ჩამონათვალი:

· ,,ჩაქვავებული დათა ალექსანდრეს ძე იგივე ილარიონის ძია, ფორაქიშვილის ოჯახობა, თაკო ფორაქაშვილისა, შვილებით და რძლებით, დათა ფორაქიშვილი იყო ძველი ფეოდალი გლეხების შემავიწროებელი, ამაყი და მუშურ-გეხური მთავრობის სასტიკი მოწინაადმეგე. ოჯახობა ცუდი ხმების გამავრცელებელი და პროვოკაცია, ყოველგვარი ფორმით. მათი ნუგეშის მომგვრელი იყო. უყვარდათ გლეხების მამულების წართმევა;

· ჩაქვავებული დავით ალექსანდრეს ძე ვაძნაძე, ამ უმაღლეს კონტრ-რევოლუციონერს და პრავაკატორს მემკვიდრე არავვინ დარჩენია, მხოლოდ მისი მოძრავ-უძრავი ქონება გადაირიცხოს, როგორც სხვა თითოეული გაძევებულისა სააღმშენებლო სახლის ფონდში.

· ჩაქვავებული იასე ვაჩძნაძის ოჯახობა - ცოლშვილი არასაიმედო და მოუსვენარი, მტერი გლეხ-კაცობისა, კონტრევოლუციონერები.

· დახვრეტილი ვიქტორ (ვახტანგ) გიორგის ძე ვაჩნაძის ოჯახი, მისი და, ასევე დედა. ეს ოჯახი მუშურ-გლეხურ საწინაღმდეგო თავყრილობების ბუდე იყო და შემჩნეული ქაქუცასთან კავშირში. გლეხებს უდიერად ეყრდნობიოდნენ და ემუქრებოდნენ.

· ნენე იაგორას ასული ვაჩნაძე - ჭორიკანა გლეხკაცობის დედაკაცთა შორის, ყოველგვარი ბოროტების მთესველი. ფეოდალური პრინციპების გულმხურვალე დამცველი და ქაქუცას თაყვანისმცემელი.

· ვარო სოლომონის ასული ვაჩნაძე - სახლი ტყეში განაპირა ალაგას ჰქონდა და ქაქუცას თეთრეულს უკერავდა. მენშევიკებს ხელს უწყობდა.

· ასიკო (სიკო) ვაჩნაძე, ყოფილი ოფიცერი ნიკოლოზის დროის, შვილები ერთი ჟორდანიას გაყვა. მეორე ეხლახანს გაიქცა. სასიშარი მოქალაქეები არიან, კონტრევოლუციის მოღვაწენი და სხვა.

· ეხლახანს შეთქმულებისთვის დახვრეტილი ლევან სამადაშვილის ცოლ-შვილი, როგორც ქმრის მომხრე და მუშურ გლეხური მთავრობის დაუძინებელი მტერი. პროვოკატორი და ბოროტების გამავრცელებლი.

    სიმონ სამადაშვილი - ქაქუცას ხელისშემწყობი და თვალსაჩინო მოღვაწე ძველი’’. (დოკუმენტები # 6,7) [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 42,43,44,45] [ოფიციალურად სიღნაღის მაზრაში დაუხვრეტიათ 65 ადამიანი, მათ შორის ზემოთ დასახელებული ლევან სამადაშვილი. მასზე 1924 წლის 2 სექტემბრით დათარიღებულ სიღნაღის მაზრის ,,საგანგებო სამეულის’’ დადგენილებაზე მიბმულ დახვრეტილთა სიაში წერია: ,,სამადაშვილი ლევან გიორგის ძე. 44 წლის. აქტიური მენშევიკი, მაზრის პარიტეტული კომიტეტის წევრი მენშევიკებიდან“. [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი. ფონდი 12. აღწერა 1. საქმე 10, გვერდი 252] ამ დოკუმენტს ხელს აწერენ სიღნაღის მაზრის ,,საგანგებო სამეულის“ წევრები: სიღნაღის მაზრის კომუნისტური პარტიის პასუხისმგებელი მდივანი მ. ვარამაშვილი, სიღნაღის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე აივაზოვი და სიღნაღის მაზრის ,,პოლიტიკური ბიუროს“ ხელმძღვანელი გეგეჩკორი. აღსანიშნავია, რომ მ. ვარამაშვილი 1937 წლის 12 ივლისს დახვრიტეს]

       ამ სიაშიც რამოდენიმე ათეული ადამიანია შეტანილი. აღსანიშნავია, რომ სხდომის  ოქმზე ხელმომწერ პირებს შორის რამდენიმე მათგანის სახელის და გვარის გასწვრივ აქაც აღნიშნულია, რომ არ იციან წერა-კითხვა და მათ მაგივრად ხელს სხვა პირი აწერს. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 45]

          ასეთივე შინაარსის, 1924 წლის ოქტომბრის დასაწყისით დათარიღებული სოფლის საბჭოების სხდომების ოქმები ბევრია და ჩვენი კვლევისთვის საინტერესო, თუმცა მათ განხილვა-გაანალიზებას აქ არ მოვახდენთ, რადგან სტატიის ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას.

           აქვე აღვნიშნავთ, რომ სიღნაღის მაზრის კოლაგ-ვეჯინის სასოფლო საბჭოს კრების 1924 წლის 3 ოქტომბრის ოქმში,  დაცულია ინფორმაცია ელიზბარ ვაჩნაძის - ქაქუცა ჩოლოყაშვილის ახლო თანამებრძოლის, 1924 წლის აგვისტოს შეიარაღებული აჯანყების აქტიური მონაწილის მამის - გიგა ვაჩნაძის სოფლიდან გაძევების შესახებ ინფორმაცია: ,,გიგა ნიკოლოზის ძე ვაჩნაძე - ქაქუცა ჩოლოყაშვილთან გავარდნილი ელიზბარ ვაჩნაძის მამა, რომელიც განუწყვეტლივ ხელს უწყობდა ქაქუცას და ვაჟის ელიზბარის ბოროტმოქმედებას. სახლი სოფლის განაპირას ჰქონდა ტყეების მახლობლად და აი სწორედ ამ სახლში ეწყობოდა ხოლმე ქაქუცას და ელიზბარის ჯგუფის შეთქმულებანი მკვლელობის განზრახვით. ადგილობრივი ხელისუფლების მუშაკებისა და მშრომელი გლეხკაცობის ჩხრეკის დროს, ბევრჯელ აღმოაჩინეს ამ სახლში ბომბები და სხვა იარაღი’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 35]

       აღსანიშნავია, რომ ზემონახსენები კოლაგ-ვეჯინის სასოფლო საბჭოს კრების   ოქმში არაა საუბარი ადამიანების ,,ჩაქოლვაზე“. როგორც იმ დროს სიღნაღის მაზრის ერთ-ერთი თანამშრომლის - სიღნაღის სამაზრო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრის გიორგი მირიანაშვილის დღემდე გამოუქვეყნებელ მოგონებებიდან ირკვევა, სოფელ კოლაგში, სავარაუდოდ ვეჯინშიც მცხოვრები მამამაკაცები გაქცეულან და გლეხებს ვერ მოუსწრიათ მათი დახოცვა. გ. მირიანაშვილი წერს: ,,კოლაგში მისვლისას გამოირკვა, რომ თავად მამაკაცებს ადრე უგვრძნიათ და მახლობელ ტყეებში გაქცეულან, ხოლო ქალები და ბავშვები გამოერეკათ სოფლის ბოლოს და მსჯელობდნენ კიდევ როგორ დაესაჯათ“. [საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი. გიორგი მირიანაშვილი. ,,რჩეულ მოგონებათა კრებული’’. გვერდი 113. გ. მირიანაშვილის მოგონებები მოგვაწოდა დავით ხვადაგიანმა]

      გ. მირიანაშვილი ასევე ეხება სოფელ ბაკურციხეში დატრიალებულ ტრაგედიას. მის მოგონებაში წერია, რომ მისთვის შეუტყობინებიათ: ,,სოფლის საბჭოს თავმჯდომარე თხოულობს მომეშველეთ ჩქარა, სოფელი აჯანყდა, სოფლიდან დროშა გაიტაცეს, შედიან თავადების სახლებში, ხოცავენო’’. [საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი. გიორგი მირიანაშვილი. ,,რჩეულ მოგონებათა კრებული’’. გვერდი 105] ამ ამბის თვითმხილველ პირს გ. მირიანაშვილისთვის უთქვამს: ,,ხალხი ზემო ბაკურციხეშია ეკლესიის ზემოთ. სოფლის ,,პრიგავორს“ ადგენენ მათი ცოლების და შვილების დასახოცად რომლებიც იქვე დამწყვდეულები ყავთ მახლობელ გომურებში და არ მირჩევდა მათთან მისვლას: ბევრი მათგანი მთვრალები არიან, შენც არაფერი აგიტეხონო“. [საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი. გიორგი მირიანაშვილი. ,,რჩეულ მოგონებათა კრებული’’. გვერდი 105]

     გ მირიანაშვილი მაინც მისულა სოფელ ბაკურციხეში: ,,ადგილზე მისვლისას ვნახე, რომ ხუთი თუ ექვსი კაცი მართლა ეყარნენ კეტებით და ცივი იარაღებით ჩახოცილები. ბრბო-ხალხი ყოფილ ნადუქნარის გრძელ საჩიხესთან ბუზებივით ირეოდნენ. დაუსრულებელი ხმაურ-ღრიანცელით და ერთმანეთს იწვევდნენ ,,პროგავორზე“ ხელის მოსაწერად’’. [საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი. გიორგი მირიანაშვილი. ,,რჩეულ მოგონებათა კრებული’’. გვერდი 105]

      იგივე საშინელება უნახავს მას სოფელ კარდენახში: ,,კარდენახის საბჭოში მისვლისას გამოირკვა, რომ მართლა გამოსულიყო თავადების წინააღმდეგ ამდგარი თითქმის მთელი სოფელი. ოთხი უკვე მოეკლათ კეტებით და ქვებით დაეჩეჩქვათ. ერთი-ორი მათგანისთვის სახლებიც დაეწვათ და შურისძიებით აღვსილი ბრბო ახლა სხვა მიმართულებით წასულიყო“. [საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი. გიორგი მირიანაშვილი. ,,რჩეულ მოგონებათა კრებული’’. გვერდი 101]

      გიორგი მირიანაშვილის შესახებ, 1924 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ ,,კომუნისტში“ თავის მხრივ წერს ლევან ღოღობერიძე: ,,მეორე შემთხვევას, არანაკლებ დამახასიათებელს ადგილი ჰქონდა ბაკურციხეში. იქ ამხ. მირიანაშვილი, რომელიც დიდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს გლეხებს შორის, შეეცადა დაემშვიდებინა აღშფოთებული გლეხობა, მაგრამ მას განუცხადეს: ,,ჩვენ, გლეხები კარგად გიცნობთ შენ, გვიყვარხარ და არ გვინდა შენთან აყალ-მაყლის ატეხა, მაგრამ შენ თუ ჩაერევი ჩვენს სამართლიან, წმინდა საქმეში და დაიცავ თავადებს, ჩვენ იძულებული ვიქნებით მკაცრად მოგექცეთო“. [გაზეთი ,,კომუნისტი“, 1924 წელი, 3 ოქტომბერი]

       1924 წლის სექტემბერში, კახეთის სოფლებში მომხდარ ამ მოვლენებზე ინფორმაციებს ვხვდებით სხვა თანამედროვეეების მოგონებებში. მაგალითად, იმ დროს თელავის მაზრაში შემავალი, ამჟამად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის მკვიდრის ძველი ბოლშევიკი თ. ბაინდურაშვილის პირად არქივში დაცულ, დღემდე გამოუქვეყნებელ მის მოგონებაში ვკითხულობთ: ,,1924 წლის შემოდგომაზე სოფლების გლეხობამ თვითონ ჩამოართვა თავად-აზნაურობას მთელი ქონება, დარჩენილი მიწები და განდევნა ისინი სოფლებიდან’’. [თ.   ბაინდურაშვილი   პირადარქივის მასალები, კახეთის რეგიონალური არქივი, ახმეტის რაიონი, ავტობიოგრაფია, ფონდი 192, აღწერა 1, საქმე 35, გვერდები 1-322]

         ჩვენს კვლევაში, ზემოთ მოყვანილ საარქივო მასალაში არსებული ინფორმაციები საბჭოთა პერიოდში ტაბუდადებული იყო და ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდათ ადამიანებს. მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოდან დაიწყო შედარებით ღიად საუბარი, საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასტიკ რეპრესიებზე და თავისი ასახვა ჰპოვა სხვადასხვა პუბლიცისტურ წერილებში. ამის მაგალითია, ჟურნალ ,,კლდეკარში“ დაბეჭდილი იმ ამბების თვითმხილველის ნინო აბაშიძის სტატია - ,,დრო და სასჯელი“, სადაც დეტალურადაა აღწერილი კახეთის სოფლიდან განდევნილი და დახოცილი ადამიანების შთამომავლების მეხსიერებაში შემორჩენილი ტრაგიკული ისტორიები. [აბაშიძე, ნინო. ,,დრო და სასჯელი“, ჟურნალი ,,კლდეკარი“, 1997, #2(11). გვერდები 124-144. მასალა მოგვაწოდა ქალბატონმა ქეთევან ლომიძემ]

      ავტორი დეტალურად ყვება, ზემოთ მოყვანილი დარბევების ისტორიას.  საინტერესოა, რომ ამ სტატიაში დასტურდება, რომ რამოდენიმე ადამიანმა შეძლო თავის გადარჩენა. ზოგი გაუფრთხილებიათ და სახლებიდან წასულა, სანამ დაარბევდნენ, ზოგიც სხვა ხერხით გადაურჩენიათ. მაგალითად, ახალგაზრდა 18 წლის ზურაბ აბაშიძეს შემდეგნაირად დაუღწევია თავი: ,,მისთვის ძველი ტანსაცმელი გადაუცმევიათ, ხელში სახრე მიუციათ და სისხამ დილით გაუპარებიათ სახლიდან. [აბაშიძე, ნინო. ,,დრო და სასჯელი“, ჟურნალი ,,კლდეკარი“, 1997, #2(11). გვერდები 124-144]

     როგორც სტატიიდან ჩანს, მოსახლეობის დარბევების დაწყებამდე საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს, სოფელ ბაკურციხეში რამოდენიმე სოფლის მოსახლეობა შეუკრებიათ და ჩაუტარებიათ მიტინგი, სადაც მიუყვანიათ ადგილობრივ მცხოვრები თავად-აზნაურებიც. მიტინგის შემდეგ დაუწყიათ მათი დევნა და სახლების რბევა. ავტორი აღწერს თავადური წარმოშობის ინვალიდის - ყრუ-მუნჯი პირის, გვარად ვაჩნაძის საშინელ ბედს: ,,ყრუ-მუნჯი ვაჩნაძე გაძალიანდა, დასაჯელად არ მიყვებოდა... ვიდრე ქვებმა და ლოდებმა სამუდამოდ არ დააწყნარა’’. [აბაშიძე, ნინო. ,,დრო და სასჯელი“, ჟურნალი ,,კლდეკარი“, 1997, #2(11). გვერდები 124-144] სტატიაში აღწერილია სისხლიანი ანგარიშსწორების სხვა დეტალები, აღწერს იმ ადამიანების ტრაგიკული ბედს, ვინც გადაურჩა ადგილზე დახოცვას - შემოსავლის გარეშე დარჩენილი, საკუთარი სახლებიდან და მამულებიდან განდევნილი ამ ადამიანების ნაწილი საშინელ გაჭირვებაში შიმშილით გარდაცვლილა. [აბაშიძე, ნინო. ,,დრო და სასჯელი“, ჟურნალი ,,კლდეკარი“, 1997, #2(11). გვერდები 124-144]

      საინტერესოა, რომ ავტორი ასევე წერს, რომ დარბევების შემსწრე ერთ ,,პარტიულს’’ სოფელ ახაშენიდან პარტიაც კი დაუტოვებია პროტესტის ნიშნად და სოფლიდან წასულა. დარბევის უშუალო მონაწილე გლეხს კი სახლში მისვლისას, თავადის სახლიდან წაღებული ნივთი მამამ სახლში არ შეატანინა, ერთმა გლეხის ღარიბმა ქალმა კი თავისი ძველი ფეხსაცმელი ჩააცვა თურმე გაძარცულ მოხუცს. [აბაშიძე, ნინო. ,,დრო და სასჯელი“, ჟურნალი ,,კლდეკარი“, 1997, #2(11). გვერდები 124-144]

      სავარაუდოდ, ზემოდასახელებულ სოფელ ახაშენში მცხოვრები ,,პარტიულის“ ისტორია გარკვეულწილად რეალობასთან ახლოსაა, რადგან ლევან ღოღობერიძის სიტყვებით: ,,როგორც რაიონის და მაზრის ხელისუფლება, ისე კომუნარები და კომკავშირლები ყველგან, სადაც შეეძლოთ და ასწრებდნენ მისვლას აქტიურად გამოდიოდნენ განდევნილი თავად-აზნაურების დასაცავად და ამ ნიადაგზე ზოგიერთ ადგილებში კინაღამ მოხდა შეტაკება ადგილობრივ ხელისუფლებასა და გლეხობას შორის. ასე, მაგალითად სოფელ ახაშენში, სიღნაღის მაზრა, როდესაც რაიონული აღმასკომის თავმჯდომარემ და რაიონული პარტკომის მდივანმა გაიგეს დაწყებული მღელვარება შვიდი ცხენოსანი კომუნარისგან შემდგარი რაზმით გაემგზავრნენ იქ, რათა შეეჩერებინათ მოძრაობა“. [გაზეთი ,,კომუნისტი“, 1924 წელი, 3 ოქტომბერი]

     ამავე თემას ეხება, 1990 წლის ,,ქართული გაზეთის“ ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილ სტატიაში - ,,ბარბარე ვაჩნაძის ბედის წიგნი“, გადმოცემული შემზარავი ისტორია. ეს არის იმ ამბების თანამედროვის, ბარბარე ვაჩნაძის მონათხრობი, სადაც იგი სიღნაღის მაზრაში 1924 წლის სექტემბრის დასაწყისში დატრიალებულ ამ ტრაგედიასაც იხსენებს. ბარბარე ვაჩნაძის სიტყვებით, მისი უმცროსი ძმა - ს. ვაჩნაძე უშუალოდ შესწრებია ამ ამბებს: ,,მაშინ ისეთი დრო იყო, ყველგან შეიძლებოდა ხიფათი შეგმთხვეოდა. ვერც მისი ძმა გადარჩა - ტოსიას შვილთან თანატოლ არჩილთან ერთად თოკით დააბეს და აიძულეს ეყურებინა, თუ როგორ ჩაქოლეს ცოცხლად ილიკო. გამეტებით უშენდნენ თურმე ქვებს’’. [ქართული გაზეთი,  1990 წელი, ოქტომბერი. მასალა მოგვაწოდა კოკი ფერაძემ]  

       ასევე იმ ამბების თანამედროვის, სოფიო ჩიჯავაძე-კედიას მოგონებების წიგნში ,,ნასმენ-ნახული“, აღწერილია აღნიშნულ პერიოდში სოფელ კისისხევიდან, თუ როგორ მოხდა მოსახლეობის გაძევება. გაძევებულებს შორის ყოფილა იმ დროს სახელგანთქმული თამადა კოტე ბახუტაშვილი, რომელსაც უსახლკაროდ დარჩენილს, თელავში მდებარე ,,ღვთაების“ ეკლესიის ეზოში მდებარე ფარდულისთვის შეუფარებია თავი: ,,კოტე ბახუტაშვილი, ეს მაზრის ცნობილი თამადა თავისი პურმარილით თელავის ვაჭრებმა შეინახეს და იმ გაჭირვების დროს მას საჭმელ-სასმელს არ აკლებდნენ.. სიკვდილამდე ღვთაების ეკლესიის გალავანში იცხოვრა“. [სოფიო ჩიჯავაძე. ,,ნასმენ-ნახული“. ქართულ-ევროპული ინსტიტუტი. პარიზი. 2002. გვერდი 379]

       სოფიო ჩიჯავაძე იხსენებს არა მარტო თელავის მაზრის, არამედ სიღნაღის მაზრის სოფლებიდან გაძევებული ადამიანების ტრაგიკულ და საზარელ ისტორიებს, მათ შორის ქალებზე ძალადობის შემთხვევებს. [სოფიო ჩიჯავაძე. ,,ნასმენ-ნახული“. ქართულ-ევროპული ინსტიტუტი. პარიზი. 2002. გვერდი 379-381]

         თუმცა, სოფლებიდან გაძევებების შესახებ ასევე წერს, რომ 1924 წლის სექტემბერში, თელავის მაზრის სოფელ კისისხევში, სწორედ გლეხის ოჯახს შეუფარებია მისი ოჯახის წევრი ქალბატონები: ,,დედა და ძალუა საშა კი, მაშინათვე მეზობელ გლეხკაცის ოჯახში გადასულან და იქ გაუტარებიათ მთელი ღამე. ერთ-ერთი ახალგაზრდა შვილი ამ ორ მათთან შეხიზნულთ თურმე ასე ანუგეშებდა: ,,ნუგეშინიათ, ქალბატონო, თქვენს თავს არავის მოვაკვლევინებო“. [სოფიო ჩიჯავაძე. ,,ნასმენ-ნახული“. ქართულ-ევროპული ინსტიტუტი. პარიზი. 2002. გვერდი 379] როგორც ირკვევა ქალებს სოფელი მაინც დაუტოვებიათ, რადგან: ,,მეორე დღეს სოფლის კომისარი ამოსულა და დედისთვის უთქვამს: ,,უნდა წაბრძანდეთ, ძალიან ატეხილები არიან თელავიდან ჩამოსული სომხის ბიჭები. ბევრ ურიგობას ჩაიდენენ.. ყოველი უბედურების თავიდან ასაცდენად სჯობია, აქაურობას თავი გაარიდოთო“. [სოფიო ჩიჯავაძე. ,,ნასმენ-ნახული“. ქართულ-ევროპული ინსტიტუტი. პარიზი. 2002. გვერდი 379-381]

       1924 წლის სექტემბრის დასაწყისში, სოფელ იყალთოდან მოსახლეობის გაძევების დროს მომხდარი შემზარავი ფაქტები, ასევე ასახულია ქალბატონ ზაირა არსენიშვილის გახმაურებულ რომანში ,,ვა, სოფელო... კახური ქრონიკები’’. [ზაირა არსენიშვილი. ,,ვა, სოფელო... კახური ქრონიკები’’. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2019]

      საარქივო მასალებში დაცულია დოკუმენტები, სადაც მოსახლეობის დარბევების შემდგომ პერიოდში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებზეა საუბარი. ასეთია მაგალითად -  ,,სიღნაღის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტი“-ს მიერ, 1925 წლის 11 თებერვლით დათარიღებული წერილი - ,,სრულიად საქართველოს აღმასრულებელი კომიტეტის“ სახელზე. ამ წერილის ასლი ეგზავნება ,,თავად-აზნაურთა განდევნის შესახებ საჩივრების განმხილველ კომისიას“. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 4,5,6]

    წერილის ავტორი, სიღნაღის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ,,საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს’’ წერს, რომ ,,მათი 1924 წლის 15 დეკემბრის მოწერილობის გამო’’, გაემგზავრა სიღნაღის მაზრის სოფლების საბჭოებში და მოიწვია გლეხები. მათთან ერთად განიხილა ,,თავად-აზნაურთა განდევნის შესახებ საჩივრები’’. საუბარია განდევნილი ადამიანების განცხადებებზე. სიღნაღის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის სიტყვებით: ,,თითოეულ მათგანზე დეტალურად საქმის ვითარების გამორკვევის შემდეგ გამოტანილ იქნა შესაფერისი დადგენილებანი, რომლებიც უკვე შესრულებულია. სახელდობრ: 1. სოფელ ვეჯინის მცხოვრებ მარიამ აბაშიძეს დაუბრუნდა საქონელი, სარკიანი შკაფი და სავენახე ადგილი სოფელ გურჯაანში. 2. სოფელ ბაკურციხის მცხოვრებ გიორგი სიმონის ძე ვაჩნაძეს დაუბრუნდა გადარჩენილი საოჯახო ნივთებიდან ყველაფერი, გარდა სამი სკამისა და ერთი მაგიდისა. ამის გარდა, მას ჩაბარდება საოჯახო ნივთების ის ნაწილი, რომელიც ჩაბარებული ჰქონია მას სოფელ ბაკურციხის მცხოვრებ საშა ქუმსიაშვილთან. სახლი კი, რადგანაც იგი აღმოჩნდა გაყიდული, ვერ ჩაბარდა ვაჩნაძეს 3. სოფელ ბაკურციხის მცხოვრებ კონსტანტინე ლუარსაბის ძე ვაჩნაძეს და ქვრივ მარია მიხეილის ასილ ვაჩნაძეს ვერავითარი ქონება ვერ ჩაბარდა, რადგან ამ ქონებიდან გადარჩენილი არაფერი აღმოჩნდა 4. სოფელ კარდენახის მცხოვრებ მარგალიტა აფხაზს ვერ ჩაბარდა ვენახის მოსავალი, რადგან ასეთი აღმოჩნდა გაყიდული 5. სოფელ ბოდბისხევის მცხოვრებს შაქრო ნაცვლიშვილს ნება დაერთო სოფელში ცხოვრებისა და მიეცა ერთი ოთახი, ერთი წისქვილი, ბაღი ხეხილის და ავეჯი 6. სოფელ ბოდბისხევის მცხოვრებ კოტე ნაცვლიშვილს უარი ეთქვა სოფელში დაბრუნებაზე და მისთვის ქონების დაბრუნებაზე 7. სოფელ ბაკურციხის მცხოვრებ ქვრივ ელენე ვახტანგის ასულ ვაჩნაძის ქონება, მიბარებული ყოფილა ყოფილ ბაკურციხის საბჭოს თავმჯდომარესთან ბაწაშვილთან, რომელიც ახლა დაპატიმრებულია გამასწორებელ სახლში. მიღებულია ზომები ამ მიბარებული ქონების ვაჩნაძისთვის ჩასაბარებლად. ვენახის მოსავლის (ღვინის) დაბრუნებაზე კი, რადგან იგი იმყოფება სამაზრო აღმასკომის განკარგულებაში და მას სჭირდება, ამ უკანასკნელმა უარი უთხრა ვაჩნაძეს’’.  (დოკუმენტი # 8) [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 4,5,6]

       ამ სიაში სხვა ადამიანებზეც არის საუბარი, ვისაც ასევე არ უბრუნებენ ქონებას: ,,სოფელ კოლაგის მცხოვრებ თამარა კონსტანტინეს ასულ ვაჩნაძეს ვერ ჩაბარდა ვერავითარი ქონება, რადგან ამ ქონებიდან გადარჩენილი არაფერი აღმოჩნდა“. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 6] არ აბრუნებენ სოფელში საცხოვრებლად ასევე მღვდელს:  ,,ყოფილ ახაშენის მღვდელ ისიდორე ვაჩეიშვილის საჩივარზე, რომელიც იმყოფება წარმოებაში აღმოსავლეთ საქართველოს პროკურორის თანამშემწესთან, მისი სოფელში დაბრუნება სოფლის საზოგადოების ნახევარს სურს და ნახევარს არ სურს’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 4]

       განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის გარემოება რომ ,,სიღნაღის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტი“-ს მიერ, 1925 წლის 11 თებერვლით დათარიღებულ ზემომოყვანილ წერილში, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ვხვდებით, თუ რეალურად ვინ წყვეტდა  სოფლებში განდევნილი პირების დაბრუნების საკითხებს. დოკუმენტში ვკითხულობთ: ,,ამის გარდა სიღნაღის მაზრის ინფორმაციულ პუნქტთან არსებულმა საგანგებო სამეულმა განიხილა სხვადასხვა განდევნილ პირთა შესახებ საჩივრები, რომლებზეც გამოტანილი დადგენილებების ასლი ამასთანავე ერთვის: დანართი: 1. მარიამ ვაძნაძის 2. გიორგი სოლომოინის ძე ვაჩნაძის 3. კონსტანტინე ლუარსაბის ძე ვაჩნაძის, მარია მიხეილის ასული ვაჩნაძის და მისი ქალის ელენე ნაცვლიშვილის 4. მარგალიტა აფხაზის 5. ელენე ვახტანგის ასული ვაჩნაძის’’ და ჩამოთვლილია ჩვენს მიერ ზემოთ უკვე დასახელებული სხვადასხვა სოფლებიდან განდევნილი სხვა პირებიც. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 4,5,6]

       ამ დოკუმენტს მიწერილი აქვს: ,,ასლი სიღნაღის მაზრის ინფორმაციულ პუნქტთან არსებული საგანგებო სამეულის“. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 6] [სავარაუდოდ საუბარია ზემოდასახელებული სიღნაღის მაზრის ,,საგანგებო სამეულზე’’ - ვარამაშვილის, აივაზოვის, გეგეჩკორის შემადგენლობით. იმ ავადსახსენებელ ორგანოზე იყო, რომელსაც 1924 წლის აგვისტოს შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული პირებისთვის  საიკვდილო განაჩენები გამოჰქონდა.]  

     საარქივო მასალებში დაცულია, სოფლებიდან განდევნილი ადამიანების ტრაგიკული ისტორიის ამსახველი საჩივრები, განცხადებები ,,საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის’’ თავმჯდომარის სახელზე. მაგალითად, ზემონახსენები სიღნაღის მაზრის სოფელ ბოდბისხევის მცხოვრებლების - შაქრო და კოტე ნაცვლიშვილების სახელით, 1924 წლის 14 ოქტომბერს გაგზავნილ განცხადებაში, რომელსაც აწერია ,,თხოვნა“ ვკითხულობთ: ,,ამა წლის აგვისტოს დამლევს მომხდარი არეულობის გამო ჩვენ ორივ ძმა გამოგვაძევეს სახლიდან 12 სექტემბერს, მოძრავი ქონების განადგურების, ხოლო უძრავ და ცოცხლის ჩამორთმევის შემდეგ. შემდეგ ისევ დაგვიბრუნეს და უკანასკნელი ხელმეორედ ჩამოგვართვეს. მართალია ჩვენი მამა-პაპა იყო სამღვდელო პირი, მაგრამ ჩვენი ჩამომავლობის სათავედ გლეხობა ითვლება, რაშიც დარწმუნება შეიძლება ჩვენივე მოგვარეების დაკითხვით და ჩვენ თავადაზნაურობასთან არავითარი დამოკიდებულება არ გვაქვს, ვინაიდან ქიზიყში ისინი ისტორიულად არ არსებობდა’’. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 14] წერილის ავტორების სიტყვებით, რომლებიც ასაკით 80 და 70 წლის ყოფილან, ისინი ყოველთვის შორს იდგენენ პოლიტიკისგან. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 14]

      ავტორები ასევე წერენ: ,,ჩვენს სოფელში თუ რაიმე კულტურული-საგანმანათლებლო საქმე დაწყებულა, ჩვენ მის სათავეში ვმდგარვართ ყოველთვის და ჩვენი ცოდნა და უნარი არ დაგვიშურებია ჩვენი სოფლის და მის მცხოვრებთა საკეთილდღეოდ. ჩვენი ინიციატივა-მეოხებით იყო მოწყობილი ბიბლიოთეკა-სამკითხველო, აშენებული სათეატრო დარბაზი, სასწავლებლის შენობა, წყლის გამოყვანა, კოოპერატიული მაღაზია, წარმოდგენის გამართა და სხვა“. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 14] 

     მასალებში ასევე დაცულია, 1924 წლის 3 ნოემბერს ზაქარია ნაცვლიშვილის მიერ გაგზავნილი განცხადება, სადაც ავტორი აღწერს მისი ოჯახის თავზე დატეხილ უბედურებას: ,,ჩემი წარსული - პატარა საზოგადოებრივი საქმიანობა, თავდები იყო იმისა, რომ მე ხელს არავინ მახლებდა წელს სექტემბერში, როცა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაიწყეს თავადაზნაურების გამოდევნა სოფლებიდან... მიუხედავად ამისა მე და ჩემი ოჯახი ვერ გადავრჩით თავად-აზნაურების საერთო ხვედრს და მეც ჩემი ოჯახით გამოდენილი ვარ დღეს იქიდან... მე ამჟამად ქონება სულ ჩამორთმეული მაქვს და სახლი ჩალეწილია, მე მოხუცებული ადამიანი მშიერი დავდივარ ოჯახობით სიღნაღში. როგორც ირკვევა ჩემი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ მამაჩემი მღვდელი იყო და ჩვენ კიდევ მათი ჩამომავლობა“. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 15]

     ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ განცხადებებზე პასუხი, ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ დოკუმენტშია მოცემული - შაქრო ნაცვლიშვილს ნება დაერთო სოფელში ცხოვრებისა და დაუბრუნდა გარკვეული ხოლო მის ძმას - კოტე ნაცვლიშვილს უარი ეთქვა ქონების მიცემაზე და სოფელში დაბრუნებაზე. [საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42. გვერდი 5]

      აღსანიშნავია, რომ სოფლებიდან განდევნილი ადამიანების ‘’ გრძელდებოდა შემდგომ პერიოდში. მაგალითად, 1928 წლით დათარიღებულ ქალაქ თელავის ამომრჩევლების ე.წ. ,,ხმაჩამორთმეულების“ სიებში ჩამოთვლილ, სხვადასხვა სოციალური წარმოშობის და მდგომარეობის მქონე პირების გვერდით, მოხსენიებული არიან სოფლებიდან გაძევებული ადამიანები, როგორც ,,გაძევებულები“. [კახეთირეგიონალური არქივი, თელავის რაიაღმასკომი, საერთო განყოფილება. საქმე 5. გვარდი 1-20]

      ჩვენ ვეცადეთ სიღრმისეული ანალიზის გარეშე, ნეიტრალური პოზიციიდან გადმოგვეცა 1924 წლის აგვისტოში კახეთში - თელავის და სიღნაღის მაზრებში დატრიალებული საბჭოთა რეპრესიების შესახებ ინფორმაციები ისე, რომ მკითხველს ჰქონდეს საშუალება, თვითონ გამოეტანა დასკვნები აღნიშნული მოვლენების შესახებ.

      დასკვნის სახით აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ჩვენი აზრით, 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების პერიოდში, სოფლებიდან მოსახლეობის განდევნის პროცესი არ იყო სტიქიური მოვლენა  - იგი მართული იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ. მათ ერთის მხრივ, შეძლეს სოფლებში მცხოვრები გლეხების მეშვეობით, საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგედ მიჩნეული ადამიანების დატერორება და დაშინება, მეორეს მხრივ, კახეთის სოფლებიდან მოსახლეობის აქტიური განდევნა ემსახურებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრებისთვის სოფლებში დასაყრდენის, ასევე პროდუქტებით მომარაგების გზების მოსპობას.

      საარქივო მასალებში დაცულია სხვა დოკუმენტებიც, რომელთა შინაარსის ერთ კვლევით სტატიაში სრულად გაშუქება და გაანალიზება შეუძლებელია. იმის მიუხედავად, რომ ზემოაღნიშნული მასალები საკმაოდ სასტიკი და საზარელი ინფორმაციების შემცველია, ვფიქრობთ საბჭოთა რეპრესიების სხვადასხვა ფორმების გამომზეურების მიზნით, მომავალში აუცილებელია აღნიშნულ თემაზე კვლევების გაგრძელება.

 

 Tengiz Simashvili 

Telavi State University 

 

Soviet Repressions in the Villages of Telavi and Signagi Districts in September 1924 

(Based on Archival Materials)

 

In August 1924, a hundred years had passed since the anti-Soviet armed uprising of August. An analysis of archival materials reveals that the outcomes of the August 1924 uprising were highly tragic throughout Georgia, including the districts of Telavi and Signagi. The Soviet authorities' repressive structures demonstrated horrifying brutality. In the Kakheti region, numerous individuals were arrested on charges of participating in the August 1924 uprising. Many were executed without trial, while others faced the ultimate punishment by firing squad based on the verdicts issued by local "emergency triplets (tribunals)."

The Soviet authorities also used other forms of repression. Specifically, alongside the arrests and executions of the population, in early September 1924, as in other regions of Georgia, a campaign began in the villages of Telavi and Signagi districts to persecute members of the nobility, clergy, intelligentsia, and generally those imbued with a national spirit. This persecution involved the expulsion of these individuals from their places of residence and, in some cases, their physical elimination.

As revealed by the content of archival materials, the instigators of these processes were individuals dispatched from district centers to villages by Soviet authorities - representatives of local branches of the Soviet State Security Service, "Cheka," and other district-level officials.

In early September 1924, with encouragement from Soviet authorities, part of the rural population - primarily poor peasants who had been given large quantities of alcohol - began expelling completely innocent people from villages, destroying their property, stealing it, and taking it to their own homes.   

These processes, in turn, were reflected in the Soviet press of that time, where the expulsion of nobility and intelligentsia representatives from the villages by peasants was portrayed as the initiative of the latter.

The collections of the National Archives of Georgia hold materials from the “Central Executive Committee of All-Georgia” of the Georgian SSR, preserving documents concerning the Soviet repressions that took place in September 1924.

Among these are the minutes from village assemblies held in the villages of Telavi and Signagi districts in October 1924. It appears that in early October 1924, representatives of local authorities visited various villages in Kakheti and organized meetings concerning the expulsion of residents, specifically regarding the issue of "the expulsion of the nobility from the villages." The Soviet authorities aimed to grant these repressive actions a "legal" appearance through such measues.

The protocol from the October 5, 1924, meeting of the village councils of Napareuli, Saniore, and Artana in Telavi district documents the number of individuals designated for expulsion from

 

these villages. The list of expelled persons primarily includes noblemen, most of whom are men. However, several women were also expelled.

Similar gatherings were held in other villages of Telavi district, where, in addition to nobles, members of the intelligentsia - doctors, teachers - who had been expelled from the villages and had their homes and other property confiscated, were also settled.

According to the archival materials, the eviction of individuals deemed unacceptable to Soviet authorities from the villages of Signagi district was accompanied by extreme brutality, manifesting in physical retribution and the extrajudicial killing of these individuals. Essentially, this amounted to a so-called “lynching,” or mob-committed murder, carried out without any form of judicial process.

This is confirmed by documents preserved in the National Archives of Georgia – protocols from community assemblies held in villages in October 1924. In these records, the names of individuals expelled from various villages are annotated with notes such as “family of the executed,” “lynched,” “widow,” and others.

The word 'executed' refers to individuals who were arrested for participating in the armed uprising of August 1924 and executed without any trial. As for 'lynched,' this was the most brutal form of retribution, resulting from 'Lynch-style' executions - the killing of completely innocent people with stones and clubs. As indicated in the materials, during the process of deportation, in some villages, peasants incited by the Soviet authorities killed several dozen innocent people in this manner.

The information regarding this matter is contained in the minutes of the meetings held in October 1924 by the village councils of Bakurtsikhe and Kardenakhi in Signagi district. It is evident that the repression of individuals expelled from these villages continued in subsequent years.

It is worth noting that, in addition to archival materials, the physical retribution against innocent people is also confirmed by the recollections of contemporaries who worked in the Soviet governmental bodies of Telavi and Signagi districts during that period.

The information contained in the aforementioned archival materials was taboo during the Soviet period and was transmitted orally among individuals. It was only in the late 1980s that discussions began to take place openly regarding the brutal repressions carried out by the Soviet authorities, and this topic began to be reflected in various journalistic writings.     

In conclusion, it should be noted that the process of expelling the population from the villages during the anti-Soviet armed uprising of August 1924 was not a spontaneous occurrence; it was managed by the Soviet authorities.

The Soviet government, on one hand, managed to create a division between the peasants living in the villages and, on the other hand, individuals from social groups that were unacceptable to them. Additionally, the active expulsion of the population from the villages of Kakheti served to eliminate social support for the partisans led by Kakutsa Cholokashvili and to disrupt supply routes for goods, which was effectively implemented.

We believe that future research in this area is necessary to further illuminate the aforementioned issues as well as other forms of Soviet repression.

 

 დოკუმენტები