თენგიზ სიმაშვილი
დავიწყებული ისტორია: ერეკლე II-ის ძეგლის შექმნის პერიპეტიები თელავში
(1950–1970-იანი წლები)
დაიბეჭდა: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის
ინსტიტუტის შრომები, ტ. XXI თბილისი. 2025
ქალაქ თელავში მდგარი მეფე ერეკლე II-ის ძეგლი საბჭოთა პერიოდშია შექმნილი. მისი ავტორი ცნობილი მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილია. მის მიერ, 1970-იანი წლების დასაწყისში შესრულებული ერეკლე II-ის ძეგლი, 1971 წლის 24 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა. თუმცა, თელავის სავიზიტო ბარათად ქცეული ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის პრეისტორია, საქართველოში ბევრმა ადამიანმა და მათ შორის თელაველებმაც არ იციან. როგორც ჩვენს მიერ მოძიებული მასალებიდან გამოირკვა, ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დამდგარა საკითხი, ქალაქ თელავში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის შესახებ.
კახეთის რეგიონალურ არქივში მოვიძიეთ, 1950-იან წლებში თელავის აღმასკომის თავმჯდომარის გიორგი ჯაშიაშვილის პირადი არქივი. მასში დაცულია გიორგი ჯაშიაშვილის დღემდე გამოუქვეყნებელი მოგონებები, სხვადასხვა შინაარსის მასალები. მათ შორისა, რამოდენიმე გვერდიანი მოგონება სათაურით - ,,ერეკლეს ძეგლისთვის“, სადაც ქალაქ თელავში 1950-იანი წლების ბოლოს, ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის პერიპეტიებზეა საუბარი. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 17-42]
გიორგი ჯაშიაშვილის ინფორმაციით, საბჭოთა პერიოდში 1950-იანი წლების შუა ხანებამდე ქალაქ თელავში ერეკლე II-ის სახელობის ქუჩაც კი არ არსებობდა. ამასთან, თელავში კეთილმოუწყობელი იყო, ქალაქის ცენტრში არსებული ,,ბატონის ციხის’’ მიმდებარე ტერიტორია. გ. ჯაშიაშვილის სიტყვებით, ,,ბატონის ციხის“ დასავლეთ კარიბჭესთან არსებობდა უამრავი ნაგებობა, რომელთა ნაწილი ზედ კედელთან იყო აშენებული: ,,კრემლის [გ. ჯაშიაშვილი ამ სახელით ახსენებს ე.წ. ,,ბატონის ციხეს“ - თ.ს.] საზეიმო გამოსავლის წინ იდგა ქოხმახები - ერთი დიდი ცხენის თავლა გასაბჭოებამდე, რომელიც ეკუთვნოდა ვიღაც ვაჭარ სომეხს - მას შიგ მოთავსებული ჰქონდა ცხენების თავლა. სადგომი გასაბჭოების შემდეგ ჩამოერთვა მეპატრონეს, გადაკეთდა ჯერ მაღაზიად, შემდეგ კინოდ’’. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 17]
,,ბატონის ციხის“ დასავლეთ კარიბჭესთან, 1954 წელს დაუწყიათ კინოთეატრის ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც 1958 წლის 7 ნოემბრისთვის შესულა ექსპლუატაციაში. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 18] გ. ჯაშიაშვილის სიტყვებით: ,,ამით შეიქმნა შესაძლებელი კრემლის წინ მდებარე ბოსელ-გომურის აღების, აღებულ იქნა დამკვრელური წესით მთელი პატრიოტული ქალაქის ფართე მონაწილეობით. ამ დიდების ადგილის დიდი ნაწილი ჩარჩ სომხებს გამოყოფილი ჰქონდათ სასაფლაოდ. ვინ მიჰყიდათ? მეტად საინტერესოა, ან როგორ ჩაიგდეს ხელში? მაგრამ ფშუტ ქართველ ფეოდალებს ოღონდ ფული აეღოთ, თორემ სასახლესაც გაჰყიდნენ. იქამდე იყო მისული საქმე, რომ კრემლის კოშკების ძირში ვაჭრების მიერ საპირფარეშოებით იყო სავსე, რის გამოც საკმაოდ დაზიანებული არის ეს ბურჯი-კოშკები. ყველა ეს წუპაკი ნაშთები აღებული, მოსპობილ იქნა. გაწმენდილი, გასუფთავებული კრემლის წინ დასავლეთ ტერიტორია დამუშავებულ იქნა ერთიანი გეგმით მთელ სიგრძეზე, ჩემს მიერ როგორც ინჟინრისგან“. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 18] (იხილე დოკუმენტი 3)
აღსანიშნავია, რომ 1958 წლის 9 აპრილს ,,ბატონის ციხის“ დასავლეთ კარიბჭესთან მდებარე ამ გამოთავისუფლებულ ტერიტორიას ,,თელავის მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის“ გადაწყვეტილებით - ,,ერეკლე II-ის სახელობის მოედანი’’ დაარქვეს. [თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი ჯაშიაშვილის არქივი, მასალები ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის შესახებ. 1958-1959 წლები. ფონდი N11872, საქმე 5. (იხილე დოკუმენტი 2)
ამავე პერიოდში ,,ბატონის ციხის“ აღმოსავლეთით ჩამავალ გზას ,,ერეკლე II-ის სახელობის ქუჩა’’, ხოლო ,,ბატონის ციხის“ სამხრთ კედელთან მდებარე ბაღს - ,,ერეკლე II-ის სახელობის ბაღი“ უწოდეს. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 17-18]
გიორგი ჯაშიაშვილი არ წერს იმ მიზეზებზე, თუ რამ განაპირობა 1950-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან, ასე საჩქაროდ მეფე ერეკლეს II-ის სახელის რეაბილიტაცია. თელავის მკვიდრი ცნობილი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა თანამდებობაზე მომუშავე გიორგი მელითაური ხაზგასმით აღნიშნავდა იმდროინდელი საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების ერეკლეს II-ისადმი უარყოფით დამოკიდებულებას. მის დღემდე გამოუქვეყნებელ მოგონებაში, ნათქვამია, რომ 1927 წელს თელავის მუზეუმს გადასცეს ერეკლეს II-ის სასახლის ოთახები და მათ შორის ოთახი, სადაც ერეკლე II დაიბადა და გარდაიცვალა. გ. მელითაური წერს, რომ ამ ოთახის ნახვისას: ,,აღმასკომის თავმჯდომარე გაგვირისხდა, როგორ თუ ამ ოთახში ერეკლეს II-ის სურათი იყო გამოკიდული... ეხლავე ჩამოიღეთ და დაწვითო. ესღა გვაკლია მეფეების სურათები გამოვკიდოთო. უქმი იყო მტკიცება, რომ ეს ექსპონატია დიდი მხედართმთავრის და არა მეფის, მაგრამ ყურის გდება არ უნდოდა“. მუზეუმის თანამშრომლებს მხატვარ ბრეგაძის მიერ შესრულებული ეს სურათი ჩამოუღიათ და საქართველოს მუზეუმისთვის გადაუგზავნიათ. [თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი მელითაურის არქივი, ,,ვითომ მატეანე’’ (თელავის მაზრა 1918 წლიდან 1948 წლამდე). ფონდი N34. გვერდები 1-2]
ასევე, ვერ მოვიძიეთ ინფორმაცია, თუ როგორ გაჩნდა ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის იდეა ამ დროს. ცნობილია, რომ საბჭოთა პერიოდში მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მითითებების საფუძველზე ხდებოდა, ამა თუ იმ პიროვნების საიუბილეო დღეების აღნიშვნა. მაგალითად, 1957 წელს, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეების ფარგლებში, როგორც ჩანს ,,ზემოდან“ მიღებული მითითების საფუძველზე, თელავის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ქალაქ თელავში მდებარე ბორცვს, სახელად „გიგოს გორა“, სადაც საბჭოთა პერიოდში ხვრეტდნენ თელავის მაზრის მცხოვრებლებს „ილიას გორა“ უწოდეს. [კახეთის რეგიონალური არქივი. თელავის მშრომელთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტი. ოქმი N25. 8 ოქტომბერი, 1957 წელი. გვერდი 27; გაზეთი „ალაზნის განთიადი“, 25 ოქტომბერი, 1957 წელი] 1958 წელს კი, თელავის აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება: ,,დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ - ილია ჭავჭავაძის ძეგლი დადგმულ იქნეს ქ. თელავში ერეკლე II-ის სახელობის ბაღში აღმოსავლეთ მხარეს“. [თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი ჯაშიაშვილის არქივი, მასალები ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის შესახებ. 1958-1959 წლები. ფონდი N11872, რვეული 6. გვერდი 2 ]
რაც შეეხება, 1950-იან წლებში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის იდეის გაჩენის მიზეზს, მას რაიმე საიუბილეო თარიღთან ვერ ვაკავშირებთ. შესაძლებელია არსებობდა კიდეც ,,ზემოდან“ რაიმე მითითება, თუმცა ჩვენ ვერ მივაკვლიეთ მსგავს ინფორმაციას. ჩვენს მიერ მოძიებული მასალები უშუალოდ ეხება, 1950-იანი წლების ბოლოს ქალაქ თელავში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის განხორციელების მცდელობას.
კახეთის რეგიონალურ არქივში და თელავის მუზეუმის ფონდებში დაცულია, ზემოთ უკვე ნახსენები, 1952-1961 წლებში თელავის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ჯაშიაშვილის პირადი არქივი, რომლებიც შეიცავს ერეკლე II-ის ძეგლის დადგამასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, სხვადასხვა სახის ჩანაწერებს, ავტორის მოგონებებს და ა.შ.
გიორგი ჯაშიაშვილი თავის დღემდე გამოუქვეყნებელ მოგონებებში აღნიშნავს, რომ 1950-იანი წლების მეორე ნახევარში, თელავის აღმასკომმა ერეკლე II-ის სახელის უკვდავსაყოფად გარკვეული ღონისძიებები გაატარა, მაგრამ ერეკლე II-ის ძეგლის აგების საკითხი ვერ გადაწყვიტა. მისი სიტყვებით, მიუმართავთ თბილისში მცხოვრები მოქანდაკეებისთვის, რომ ვინმეს შეექმნა ერეკლე II-ის ძეგლი, მაგრამ მათ წინასწარ დიდი თანხა მოუთხოვიათ, რისი გაღებაც თელავის აღმასკომს იმ დროს არ შეეძლო. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 18]
ირკვევა რომ, თელავში მეფე ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის სურვილის შესახებ ინფორმაცია თელავში სწრაფად გავრცელებულა. მოქალაქეების ნაწილი დადებითად შეხვედრია ამ იდეას, მაგრამ ჯაშიაშვილის სიტყვებით, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს, ძირითადად ხანდაზმულებს უკმაყოფილება გამოთქვამთ: ,,რა საჭიროა ერეკლეს ძეგლი - მან სომხები დაგვისახლა, რუსები შემოუშვა სამუდამოდ და ქვეყანა გაარუსეს“-ო. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 19] თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობას გამოუთქვამს სურვილი, რომ: ,,ოღონდ ძეგლის აგება დაიწყეთ და თანხის ნაწილს ვიხდით, ბრინჯაოსი ჩამოასხით - სპილენძის ქვაბებს შევაგროვებთ და იმითაც დაგეხმარებით’’-ო. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 19]
გიორგი ჯაშიაშვილი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით შეგულიანებულს, საქართველოს საზღვრებს გარეთ დაუწყია მოქანდაკეების ძებნა. მისი სიტყვებით: ,,გავიდა საკმაო ხანი. ერთ მშვენიერ დღეს 1956 წელში გაზეთ ,,ზარია ვასტოკაში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც რუსი ავტორი წერს, რომ მოსკოვში მუშაობს ქართველი სამხედრო ინჟინერ-არქიტექტორი გიორგი ქევხიშვილი, რომელიც ამავე დროს საუკეთესო სკულპტორია“. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 19]
თუ დავეყრდნობით ამ ინფორმაციას, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ერეკლე II-ის ძეგლის აგების იდეა 1952-1955 წლების პერიოდში გაჩენილა, რადგან თელავის აღმასკომის ხელმძღვანელად გიორგი ჯაშიაშვილი 1952 წელს დაინიშნა.
ირკვევა, რომ გიორგი ჯაშიაშვილი ამ ადამიანს პირადად იცნობდა - მას და გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში დაბადებულ გიორგი ქევხიშვილს, თბილისში ინდუსტრიულ ინსტიტუტში ერთ პერიოდში უსწავლიათ. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 19-22]
საინტერესო ნიუანსი - გიორგი ჯაშიაშვილი წერს: ,,გიორგი ქევხიშვილს ჰქონდა ბუნებრივი თანდაყოლილი გრძნობა ისეთი, რომ ორკაპიანი ჯოხის საშუალებით არკვევდა რომელ ადგილში იყო წყალი და რა სიღრმეზე. ეს ტალანტია ადამიანის. სწორედ ასეთი უნარით იგი ფრონტებზე უწყლო ადგილებში ჯარის ნაწილებისთვის წყალს ეძებდა და წყლით ამარაგებდა საინჯინრო ნაწილების საშუალებით“. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 20]
გიორგი ჯაშიაშვილი დაუკავშირდა გიორგი ქევხიშვილს და შესთავაზა ერეკლე II-ის ძეგლის აგება. საარქივო მასალებში შემორჩენილია გიორგი ჯაშიაშვილის მიერ, გიორგი ქევხიშვილთან გაგზავნილი და საპასუხოდ გამოგზავნილი წერილები, რომლებიც შეეხება ერეკლე II-ის ძეგლის შექმნის პერიპეტიებს.
გიორგი ჯაშიაშვილი მას წერდა: ,,თუ შენში კიდევ დარჩა ქართული პატრიოტობა იმუშავე, შეადგინე ესკიზი - მაკეტი ერეკლე მეორის ძეგლის შესაქმნელად... გამოგიგზავნი სურათებს იმ ადგილისას, სადაც ის დაიდგმება“. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 20] გიორგი ჯაშიაშვილი თავის მოგონებაში სინანულით და თვითირონიით აღნიშნავდა: ,,ათას რამეს - კოშკების აგებას ვპირდებოდი მე ცარიელი ხელით, უკან კი ვიცოდი მხარის დამჭერნი არ მყავდნენ და ასეც ასრულდა“. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 20]
გიორგი ქევხიშვილი დათანხმებია შეთავაზებას და და უთხოვია ერეკლე II-ის რამდენიმე სურათის, ქართულ ცხენზე მჯდომი ერეკლე II-ის ტანის მსგავსი ადამიანის ფოტოების გაგზავნა. გიორგი ჯაშიაშვილის მშობლიურ სოფელ ვარდისუბანში მოუნახიათ კარგი ცხენი და მხედარი, გადაუღიათ ფოტოები და სხვა მასალებთან ერთად, მოსკოვში გიორგი ქევხიშვილთან გაუგზავნიათ. როგორც გიორგი ჯაშიაშვილი წერს: ,,თბილისელი მოქანდაკეებივით მას არაფერი მოუთხოვია. გამიჭირდება, მაგრამ მერე დაფასდებაო და ეგ იქნება ჩემი ფულიო, ასე იწერებოდა’’. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 21]
ირკვევა, რომ გიორგი ქევხიშვილი არ დაკმაყოფილებულა გაგზავნილი ფოტოებით და მოსკოვში ბიბლიოთეკებში გაცნობია იმ თანამედროვეების მოგონებებს, ვინც იცნობდნენ პირადად ერეკლე II-ეს. გარდა ამისა, მას სისტემატური მიწერ-მოწერა ჰქონდა გიორგი ჯაშიაშვილთან. 1958 წლის 2 აპრილს, გიორგი ქევხიშვილი თავის მორიგ წერილში გიორგი ჯაშიაშვილს წერდა: ,,შენ სწორედ ფიქრობ ქუდის შესახებ. გულახდილად გეტყვი არც მე მომწონს მისი სახის ჩალმით ჩვენება. ამჟამად მოსკოვში საქართველოს დეკადა მიმდინარეობს, ეს შენ კარგად იცი. მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრმა დადგა აქ ,,ერეკლე მეფე“, ნანახი გექნება. მე დავესწარი ამ დადგმას. პიესაშიც გამოცვლილია ჩალმის ფორმა. როგორც დავრწმუნდი თეატრმაც არ ისურვა მისი პიროვნების ჩალმით ჩვენება. მე მოველაპარაკე ერთ ფოტოგრაფს, რომელიც სპეციალურად იყო მოწვეული სურათების გადასაღებად, რომ ჩემთვის გადაეღო მსახიობი გოძიაშვილი, რომელიც ერეკლე მეფის როლს ასრულებდა. ამ სურათების საშუალებით მე ვეცდები მოვნახო მისაღები ქუდის ფორმა’’. [თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი ჯაშიაშვილის არქივი, მასალები ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის შესახებ. 1958-1959 წლები. ფონდი N11872, რვეული 6. გვერდი 12 ]
ამგვარად შეგროვებული ინფორმაციებით გიორგი ქევხიშვილს შეუქმნია წარმოდგენა ერეკლე II-ის - ,,ფიზიკურ აღნაგობაზე, სულიერ სიმტკიცეზე, სიძლიერეზე და ჩვევებზე, რომელიც მოქანდაკეს შემდეგში გამოადგებოდა“. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 21]
1958 წლის 21 აპრილს, გიორგი ქევხიშვილი უგზავნის მორიგ წერილს გიორგი ჯაშიაშვილს, სადაც აცნობებს, რომ ის მოელაპარაკა ორ მოქანდაკეს, ვინც გამოთქვა თანხმობა მონაწილეობა მიეღო ერეკლე II-ის ძეგლის შექმნაში. [თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი ჯაშიაშვილის არქივი, მასალები ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის შესახებ. 1958-1959 წლები. ფონდი N11872, რვეული 6. გვერდი 8 ]
ირკვევა, რომ ერეკლე II-ის ძეგლის ესკიზის დამზადების სურვილი, მოსკოვში მყოფ მოქანდაკეებს - ვ. ნ. კერენსკის და ი. კ. კოტოვს გამოუთქვამთ. ისინი გაცნობიან მასალებს და ,,თავდაცვის სამინისტროს საქანდაკო სახელოსნოში შეუდგნენ ესკიზების შექმნას“. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 21] როგორც გიორგი ჯაშიაშვილი წერს, გიორგი ქევხიშვილი ამ დროს დასახელებული სახელოსნოს ხელმძღვანელი ყოფილა. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 28]
გიორგი ჯაშიაშვილის სიტყვებით - ,,მაკეტების დამზადება დაიწყეს 1957 წელში, ეს საქმე მიმდინარეობდა გაუხმაურებლად, თორემ თბილისელი მოქანდაკეები ჩაშლიდნენ აუცილებლად, ვფიქრობდი მე“. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 21] აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს მოსკოვში მცხოვრები მოქანდაკეებიც აქტიურად ლობირებდნენ საკუთარ პროექტებს - გიორგი ქევხიშვილი 1958 წლის 25 თებერვალს, გიორგი ჯაშიაშვილს წერდა შემდეგს: ,,ელოდებიან ახალი დადგენილების გამოსვლას, მის საფუძველზე ყველა პროექტის განხორციელებისათვის საჭირო იქნება კონკურსის გამოცხადება და ვინც გაიმარჯვებს მას დაეკვეთება ძეგლის აგება. საქმე იმაშია, რომ აქაურები უმთავრესად დაინტერესებული არიან, რომ დიდი თანხები მიიღონ და ამისათვის ეცდებიან, რომ თავიანთი პროექტი გაიყვანონ, გინდაც რომ ჩვენი პროექტი ძლიერი იყოს“. [თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი ჯაშიაშვილის არქივი, მასალები ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის შესახებ. 1958-1959 წლები. ფონდი N11872, რვეული 6. გვერდი 8 ]
გიორგი ქევხიშვილი 1958 წლის 21 აპრილს გიორგი ჯაშიაშვილს წერდა: ,,მაისის შუა რიცხვებში ძეგლის ესკიზები დამთავრებული გვექნება... ესკიზების დამთავრებას მე გაცნობებთ ტელეგრამით ან წერილით“. [თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი ჯაშიაშვილის არქივი, მასალები ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის შესახებ. 1958-1959 წლები. N11872, რვეული 6. გვერდი 8 ]
ვფიქრობთ, კვლევაში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის ისტორიის შედარებით დეტალური გადმოცემა მკითხველისთვის იმითაცაა საინტერესო, რომ ჩვენს მიერ მოძიებულ საარქივო მასალებში კარგად ისახება, იმდროინდელი საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება მსგავსი საკითხებისადმი. მაგალითად, როგორც გიორგი ჯაშიაშვილი წერს, როდესაც მოსკოვში მცხოვრებმა მოქანდაკეებმა დაიწყეს ძეგლის მაკეტების დამზადება, მან მხოლოდ მაშინ ჩააყენა საქმის კურსში თელავის რაიონის ხელმძღვანელები. გიორგი ჯაშიაშვილმა მათ ერთ-ერთი შეხვედრისას განუცხადა: ,,ამდენ საყვედურს გვეუბნებიან ქალაქის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და თვით თბილისიდანაც, რატომ არ დასდგამთ ერეკლეს ძეგლს. ამ დიდი საქმისთვის უფულოდ წინასწარ ხელი არავინ მოკიდა. ესკიზის შექმნისთვის ყველამ წინასწარ ითხოვა ფული. ბილანიშვილმა წინასწარ ოცი ათასი მანეთი ითხოვა, ასევე სხვებმაც. ეხლა გამვძებნე კაცი აქაური, აქ ისწავლა, აქ გაიზარდა, იმას უნდა ვთხოვო მოკიდოს ხელი ამ დიდ საქმეს და მივაწოდე მის შესახებ გაზეთი ,,ზარია ვასტოკა“, სადაც იყო დასახელებული და მისი წერილები... ხელი არავინ მოკიდა ამ გაზეთს. გელდიაშვილმა თქვა მაგისთვის არ მცალიაო. ასათაშვილმა მითხრა გეტყობა საბჭოში მეტი საქმე არა გაქვსო და მაგეებს დასდევო. მიხედე ქალაქის ქუჩებს ის სჯობია მაგასი. ღვთის წინაშე უნდა ითქვას ბატიაშვილს და როსტომაშვილს ხმა არ ამოუღიათ“.[კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 21-22]
ჯაშიაშვილი აქვე აღნიშნავს: ,,ისინი ნამდვილად მართლები იყვნენ და რას მისცემდა ერეკლეს ძეგლის დადგმა მათ? რა დიდებას მოუტანდა?... ერთი თვის შემდეგ გელდიაშვილი გახდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი, ასათაშვილი მის ადგილას, ბატიაშვილი თავმჯდომარედ - აი საქმე და ლაზათი, რის ერეკლე... ნათქვამია“. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 22]
აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვეყრდნობით გიორგი ჯაშიაშვილის მოგონებებს. შესაბამისად, ზემოდასახელებული თელავის რაიონის მაშინდელი მესვეურების შესახებ გამოთქმული მისი მოსაზრებები, ცხადია ატარებს სუბიექტურ ხასიათს. თუმცა, მეორეს მხრივ, საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი დამოკიდებულება მსგავსი საკითხებისადმი, გარკვეულწილად, დამახასიათებელი იყო იმდროინდელი საბჭოთა სისტემისთვის. ეს იყო პერიოდი, როდესაც ადგილობრივი თანამდებობის პირის ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდებოდა ცენტრალური ხელისუფლებისთვის, ადამიანს არა მხოლოდ კარიერის, არამედ თავისუფლების ფასად შეიძლება დასჯდომოდა - თ.ს.
თელავის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, გიორგი ჯაშიაშვილს მიუწერია გიორგი ქევხიშვილისთვის, რომ ერეკლე II-ის ძეგლის მაკეტების შექმნა გაეგრძელებინათ.
1958 წლის ზაფხულში, 12 ივლისს მოქანდაკეები გიორგი ქევხიშვილი და ვასილ კერენსკი, ერეკლე II-ის ძეგლის ოთხი მზა მაკეტით ჩამოვიდნენ საქართველოში. მათგან ორი მაკეტი გიორგი ქევხიშვილის მიერ იყო დამზადებული, ორი კი - კერენსკის და კოტოვს ეკუთვნოდათ.
ერეკლე II-ის ძეგლის დასახელებული მაკეტების აღწერილობა იყო შემდეგი:
პირველი მაკეტი - საბრძოლო მდგომარეობაში, ხმალამოღერებული ერეკლე II მუზარადის გარეშე, უქუდოდ, მჯდარი ქართულ ცხენზე; (იხილე დოკუმენტი 1)
მეორე მაკეტი - დიდ ცხენზე მჯდომი ერეკლე II ჩალმიანი ქუდით, ხელში ხმლით და ტრაქტატი ჩრდილოეთისკენ ჰქონდა გაწვდილი; მესამე მაკეტი - ცხენი სამ ფეხზე იდგა, ერთი ფეხით ტორს სცემდა, ერეკლე უქუდოდ, ტრაქტატიანი ხელი მიმართული ჩრდილოეთისკენ; მეოთხე მაკეტი - ერეკლე ისევ ჩალმით, საზეიმო ვითარებაში, ხმლით და ტრაქტატით. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 25]
ერეკლე II-ის ძეგლების ამ მაკეტების გამოფენა-დათვალიერება თელავში, სავარაუდოდ 1958 წლის 16-21 ივლისს, იმდროინდელი კულტურის სახლის სხდომათა დარბაზის სცენაზე გაუმართავთ. მაკეტების საჯარო დათვალიერება ხუთ დღეს გაგრძელებულა. მნახველები საკუთარ მოსაზრებებს შთაბეჭდილებების ჩანაწერთა წიგნში ტოვებდნენ.
გამოფენის მეხუთე დღეს, თელავის კულტურის სახლის დარბაზში დაინიშნა საჯარო განხილვა. იმის მიუხედავად, რომ მაკეტების სხვადასხვა ვარიანტის განხილვის შესახებ წინასწარ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, დარბაზი ხალხით ავსებულა: ,,აქ შეიკრიბნენ თელავში მცხოვრები პატრიოტი ოჯახების წარმომადგენლები. ყველა პროფესიის ადამიანები და მაკეტების ირგვლივ გამოთქვეს თავისი აზრი“ - წერს ჯაშიაშვილი. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 25-26]
შეკრებაზე სიტყვით გამოსულან მოქანდაკეები - გიორგი ქევხიშვილი და ვასილ კერენსკი. დამსწრე საზოგადოებიდან კი ათზე მეტი ადამიანი გამოსულა სიტყვით. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 26]
თელავის მოქალაქეებს დიდი მადლობა გადაუხდიათ მოქანდაკეებისთვის, მით უმეტეს როდესაც გაუგიათ, რომ მათ მაკეტების დასამზადებლად უფულოდ იმუშავეს. ერთ-ერთ გამომსვლელს აღუნიშნავს შემდეგი: ,,ქევხიშვილი აქ გაიზარდა, კახელია, ქართველია და იმუშავა ფასის გარეშე, ამ რუსმა მოქანდაკემ უფრო პატივი გვცა, რომ იმუშავა ქართველი გმირი მეომრის მაკეტის შექმნაზე, როდესაც მას ფასის გარეშე არავინ მოკიდა ხელი, როგორც ეს ქართველმა ზოგიერთმა მოქანდაკემ გააკეთა“. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 26]
როგორც შთაბეჭდილებების ჩანაწერებიდან და შეხვედრაზე სიტყვით გამოსული მოქალაქეების მოსაზრებებიდან ირკვევა, თელაველების უმეტესობას ერეკლე II-ის ძეგლის პირველი მაკეტი - საბრძოლო მდგომარეობაში, ხმალამოღერებული ერეკლე II მუზარადის გარეშე, უქუდოდ მჯდარი ქართულ ცხენზე მოსწონებია. ერეკლე II-ის ძეგლის ამ მაკეტის ავტორი იყო მოქანდაკე გიორგი ქევხიშვილი. მაკეტების განხილვისას ქევხიშვილისთვის დაუსვამთ შეკითხვა: ,,რატომ არის ერეკლე ხელგაწვდილი ხმლით, ბრძოლაში უქუდო და სამეფო მანტიაში? ეს ასე განმარტა მან - მე ავიღე მისი ბრძოლის ერთი ეპიზოდი და ეს დავუდე შექმნას საფუძვლადო, ეს არის ის მომენტი როდესაც ბრძოლის დროს ურჯულომ თავისი მსტოვრები შემოაპარა ლაშქარში და ხმას ავრცელებდნენ ერეკლე მოკლეს, წაიღეს - რაღად იბრძვით, ამით არევდარევა ერთგვარად შეჰქონდათ ლაშქარში, რაღა თქმა უნდა მსტოვართა შორის გამყიდველიც ერია. ლაშქარს ბრძოლა გაუჭირდა, მეფე მიზეზს ეძებდა ამისას და კიდეც მიაგნო, მხედრიონმა შეიპყრო მსტოვარი, რომ ხმას ავრცელებდნენ მის სიკვდილზე. ასეთი მდგომარეობის დროს მეფემ აბჯარი გაიხადა, საზეიმო მანტია მოისხა, ხმლით ხელში, უქუდოდ. რა ნახა ლაშქარმა რომ ტყუილი იყო მისი სიკვდილის ამბავი განრისხდა ლაშქარი, ეკვეთა მტერს და სასტიკად დაამარცხა’’. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 26-27]
თელავის მუზუმის ფონდებში დაცულ, ერეკლე II-ის ძეგლების მაკეტების დათვალიერების შთაბეჭდილებების ჩანაწერთა წიგნებში - ესაა ორი სქელყდიანი რვეული, ვკითხულობთ: ,,თელავის ახალგაზრდობის სახელით მოვითხოვთ, რომ ჩვენს ლამაზ თელავში, სადაც დაიბადა ერეკლე II და თავისი მონდომება და კეთილი გული მოახმარა საქართველოს კეთილდღეობას დაიდგას ძეგლი, რომელიც გამოხატავს პატარა კახის მთელ სიძლიერეს ბრძოლის დროს - თამარაშვილი, ვ. ღარიბიანი, ფ. კაპანაძე, ნ. ასათაშვილი, ჯ. ჯანგულაშვილი, ნ. ვაშაკაშვილი’’; ,,ჩვენი აზრით სასურველია, რომ ძველ ბაღში დაიდგას ერეკლე მეფე ბრძოლის დროს - მ. ღარიბაშვილი; ,,პირადად ჩემი აზრით, სასურველია რომ ძველ ბაღში დაიდგას ერეკლე ბრძოლის დროს - ლ. კაკულია’’. [ლამარა კაკულია - თელავის მე-4 საშუალო სკოლის დირექტორი]; ,,კარგია დაიდგას ერეკლე მეორის ძეგლი ბრძოლის დროს - ბ. ბალარჯიშვილი’’; [ბაადურ ბალარჯიშვილი - თელაველი მწერალი, პოეტი, სცენარისტი. ფილმ ,,ხარება და გოგია’’ სცენარის ავტორი] ,,მეფე ერეკლემ მთელი თავისი სიცოცხლე 15 წლიდან ბრძოლებში გაატარა და ხმალი ქარქაშში არ ჩაუგია. ამისთვის იგი უნდა იყოს უეჭველად ბრძოლის მომენტში - ხმალამოღებული, ან მეორე - ხმალმოღერებული ე.წ. დასაკრავად გამზადებული უნდა იყოს - ვ. პაატაშვილი’’. [ვანო პაატაშვილი - თელაველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი] [თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი ჯაშიაშვილის არქივი, მასალები ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის შესახებ. 1958-1959 წლები. ფონდი N11872, შთაბეჭდილებების რვეული 1]
თელაველი ინჟინერი ვლ. ბალიაშვილი წერდა: ,,ჩემი და ჩემი ქალიშვილის აზრით სასურველია დაიდგას ერეკლე ძეგლი ბრძოლის დროს“; თელავის მესამე საშუალო სკოლის მასწავლებლების - მ. დარჩიაშვილის, ქ. ლომიძის, მ. ზარიძის, თ. შიუკაშვილის აზრით: ,,უმჯობესია დიდი ერეკლეს ძეგლი დაიდგას ბრძოლის მომენტში, ამავე დროს საჭიროა გათვალისწინებულ იქნას ის, რომ ერეკლეს ბრძოლის დროს აუცილებლად უნდა ხურებოდა მუზარადი“.
სწორედ ამ საკითხზეა ხაზგასმული მედეა მეზვრიშვილის, [1970-იან წლებში თელავის რაიონული აღმასკომის თავმჯდომარე] ჯონი ჯიჯეიშვილის, [1970-2000 თელავის უნივერსიტეტის ლექტორი] და ოთარ ხუციშვილის [1957-1959 წლებში კომკავშირის თელავის რაიონული კომიტეტის მეორე მდივანი] მიერ გაკეთებულ ჩანაწერში: ,,ჩვენი აზრით სასურველია დაიდგას ერეკლეს ძეგლი თავისუფლების მოედანზე. ერეკლე ბრძოლის მომენტში უჩალმოდ. კარგი იქნება თუ ავტორი გაითვალისწინებს ერთ შენიშვნას - ბრძოლაში ქართველები უქუდოდ არ გადიოდნენ. ამიტომ საჭიროა ერეკლეს ეხუროს მუზარადი და არა ჩალმა, რომელიც დამახასიათებელია აღმოსავლეთისთვის“. [თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი ჯაშიაშვილის არქივი, მასალები ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის შესახებ. 1958-1959 წლები. ფონდი N11872, შთაბეჭდილებების რვეული 2] (იხილე დოკუმენტი 5)
შთაბეჭდილებების ჩანაწერთა წიგნებში არსებული სხვა ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს, რომ მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას სწორედ გიორგი ქევხიშვილის ძეგლის მაკეტი მოეწონა. გამოფენის დასრულების შემდეგ, ძეგლების მაკეტები და მოსახლეობის შთაბეჭდილებების რვეულებში ჩაწერილი მოსაზრებების ასლები მოსკოვში გაუგზავნიათ. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 26]
ერეკლე II-ის ძეგლების მაკეტები გარკვეული პერიოდი მოსკოვში მხატვართა სალონში ყოფილა გამოფენილი და საკმაოდ ბევრი მნახველიც ჰყოლია. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 27]
რაც შეეხება მოქანდაკეებს გიორგი ქევხიშვილს და ვასილ კერენსკის, მათ დაათვალიერებინეს ალავერდი, შუამთა, იყალთო, თელავის მუზეუმი, ქალაქი თელავი. გიორგი ქევხიშვილს თავისუფალ დროს მოუძიებია რამდენიმე ადგილი სადაც შესაძლებელი იყო დაბურღვა და მიწისქვეშა არტეზიული წყლების ამოყვანა. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 27]
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოსახლეობას გიორგი ქევხიშვილის ძეგლის მაკეტი მოეწონა და მან ერეკლე II-ის ბრინჯაოს ძეგლის ჩამოსასხმელად საჭირო დოკუმენტაციის ნიმუში და ძეგლის ჩამომსხმელი ქარხნის ანგარიშის ნომერი ავანსის ჩასარიცხად, გადასცა თელავის აღმასკომს. [თელავის ისტორიული მუზეუმი, გიორგი ჯაშიაშვილის არქივი, მასალები ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის შესახებ. 1958-1959 წლები. ფონდი N11872, რვეული 6. გვერდი 3 ] (იხილე დოკუმენტი 6)
პიედისტალის გარეშე ხმალამოღებული, ქართულ ცხენზე უქუდოდ მჯდარი ერეკლე II-ის ქანდაკების ბრინჯაოში ჩამოსხმა 69000 მანეთი ჯდებოდა. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 28] (იხილე დოკუმენტი 7)
გიორგი ჯაშიაშვილის სიტყვებით, მოქანდაკეები გააცილეს და მოვლენები შენდეგნაირად განვითარდა: ,,გაუგია რა მოქანდაკე ბილანიშვილს, რომ მაკეტები ჩამოიტანეს თელავშიო, დატრიალებულა სხვადასხვა პირების საშუალებით და უთქვამს მე გავაკეთებ იაფადო. ამაში მას მხარს რაიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უმაგრებდა. აქეთ უთმელიძე მოიშველია ბ-მა, მაგაზე კარგს მე გავაკეთებ მუქთად და მევე ჩამოვასხავ ბეტონშიო.... ასათაშვილი მოითხოვდა ძეგლი ბილანიშვილმა გააკეთოსო, ბ-ლი მოითხოვდა უთმელიძემ გააკეთოსო - ხოლო რომ უკვე გაკეთებული იყო ამას ყურადღებას არ აქცევდნენ. რას ვიზამდი... კარგად დაწყებული საქმე ჩაიფუშა“. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდები 29]
სამი წლის შემდეგ - 1961 წლის აგვისტოში, გიორგი ჯაშიაშვილი წერდა შემდეგს: ,,მე დაინტერესებული ვიყავი ძეგლის დადგმით... ოღონდ ძეგლი აგებულიყო გინდ ბილანიშვილს, გინდ უთმელიძეს დაემზადებინა. მაგრამ პირველი წინასწარ დიდ თანხას მოითხოვდა ისე არ იწყებდა... მეორეს კი არ შეეძლო ასეთი დიდი საქმეების გაკეთება. ქევხიშვილს უნდოდა უთმელიძე თავისი გაკეებული ძეგლის მაკეტის ავტორად გაეხადა და შესთავაზა კიდეც... მაგრამ არ გახდა თანახმა, მე უნდა შევქმნა საუკეთესოო, ეს კი მან ვერ შეძლო. ასე და ამრიგად ჩაიშალა კარგი წამოწყება და ძეგლის საკითხი უცდის კარგ პატიოსან გულშემატკივარს’’. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 29]
რაც შეეხება ერეკლე II-ის ძეგლის ,,გულშემატკივარს“, ასეთი აღმოჩნდა 1970-იან წლებში თელავის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე მედეა (მედიკო) მეზვრიშვილი. სწორედ მისი ინიცატივით და როგორც ჩანს თელავის იმდროინდელი საზოგადოების განწყობის საფუძველზე, 1970-იანი წლების დასაწყისში დაიწყო თელავში გრანდიოზული სამუშაოები ბატონის ციხის ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლებზე რუსეთის იმპერიის თუ საბჭოთა პერიოდში დაშენებული შენობების მოსანგრევად, ,,ბატონის ციხის“ აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის გამოსანთავისუფლებლად ერეკლე II-ის ძეგლის დასადგმელად.
როგორც ჩანს, თელავის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე მედეა (მედიკო) მეზვრიშვილმა გაითვალისწინა წინამორბედის - გიორგი ჯაშიაშვილის ,,მწარე გამოცდილება’’ და ერეკლე II-ის ძეგლის მაკეტების საჯარო განხილვებისგან თავი შეიკავა. ძეგლი დაამზადებინა ცნობილ მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილს, რომლის მიერ შექმნილი ერეკლე II-ის ქანდაკება, თელავში 1971 წლის 24 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა. ძეგლის და მიმდებარე ტერიტორიის არქიტექტორი იყო თეიმურაზ (თემო) კანდელაკი.
ჩვენი კვლევის თემატიკა არ მოიცავს აღნიშნული ძეგლის ,,ავკარგიანობის“ განხილვას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში ქალაქ თელავის მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილო იყო ძეგლის იერსახით. ეს აისახა, თელავის მაშინდელი ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელის სახელზე, გიორგი ჯაშიაშვილის მიერ გაგზავნილ წერილში: ,,ასრულდა ოცნება თელავში აღმართულიყო პატარა კახის ძეგლი. ეს არის პირადი ინიციატივა მედიკოსი, სხვა ნურავინ შეეცდება, რადგან ამის შესახებ ცდები ადრე იყო და წინა მესვეურებს ეს სასაცილოდ მიაჩნდათ და ზოგჯერ ნებით თუ უნებლიედ წინააღმდეგნიც იყვნენ. რაც გაკეთდა კარგი საქმეა, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს ძეგლის კვარცხლბეკი საუკეთესოზე საუკეთესოა, ხოლო პატარა კახის ძეგლს ველოდით როგორც მებრძოლს, რომელიც ხმლით ხელში იცავდა სამშობლოს და არა როგორც სამღვდელოების წარმომადგენელს ჯვრით ხელში, ჯვარი ეკავა პატრიარქს - პატარა კახის ხმალი ჯერად არც როდის არ ყოფილა, მისი ხმალი არ დახრილა, ან რატომ დაიხრებოდა... ძეგლმა პატრიარქის სახე მიიღო. ეს მიზეზია, რომ ძეგლის მაკეტი ფართოდ ვერ იხილა, ვერ მიიღო მათგან შეფასება, ისე როგორც სხვა ძეგლებმა და შეფასებაც მისი საქვეყნოდ ცნობილია“. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 41] (იხილე დოკუმენტი 4)
ჯაშიაშვილის აზრით: ,,პატარა კახის ძეგლი უნდა აღმართულიყო სურათზე გამოსახული მაკეტისმაგვარი, ქართველი - ყველა პირობებში გამავალი ცხენით და ხმალგაწვდილი... და არა როგორც ჯვრიანი მლოცველი - ვინც მარტო ლოცულობს სამშობლოს ვერ იცავს... შეიძლება მე ვცდები, იქნებ ძეგლის ავტორს ჰქონდეს მასალები, როდესაც ერეკლე ხმალს თავდაყირა იკავებდა და ლაშქარს ან ხალხს ჯვრით მიმართავდა, მაშინ ეს ძეგლი ამართლებს მიზანს, რაც მე არ მჯერა. 1972 წლის 5 მაისი’’. [კახეთის რეგიონალური არქივი. გიორგი ჯაშიაშვილის პირადი ფონდი N491. საქმე 8. გვერდი 41]
აი, ასეთი მოსაზრებებიც არსებობდა თელავში ახლად აღმართული ერეკლე II-ის ძეგლის შესახებ. თუმცა, დრომ სხვანაირად განსაჯა, მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის მიერ შექმნილი ერეკლე II-ის ძეგლი დღეს თელავის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ არის აღიარებული და მისი მნიშვნელობა ლოკალურ ფარგლებს სცდება - იგი თანამედროვე ქართული საზოგადოების ცნობიერებაში, ერეკლე II-ის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ზოგად სახეს ასახავს.
P.S.
ამა წლის 24 სექტემბერს, თბილისში კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. სამგორის პარკში, მოქანდაკეების ჯგუფის მიერ, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნილი ერეკლე II-ის ძეგლი გაიხსნა. სავარაუდოდ, თავის დროზე ამ ესკიზში მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილმა გაითვალისწინა, ჯერ კიდევ 1958 წელს ქალბატონ მედეა მეზვრიშვილის და სხვების მიერ გამოხატული მოსაზრებიდან მხოლოდ ,,ერთი შენიშვნა’’ - ,,სასურველია დაიდგას... ერეკლე ბრძოლის მომენტში უჩალმოდ. კარგი იქნება თუ ავტორი გაითვალისწინებს ერთ შენიშვნას - ბრძოლაში ქართველები უქუდოდ არ გადიოდნენ. ამიტომ საჭიროა ერეკლეს ეხუროს მუზარადი’’.
Forgotten History: The Circumstances Surrounding the Creation of the Statue of Erekle II in Telavi
(1950s-1970s)
The monument to Erekle II in the city of Telavi, today regarded as one of the city’s principal symbols, was erected during the Soviet period. Its author is the sculptor Merab Merabishvili, who created the work in the early 1970s; it was installed in 1971.
However, the history of the monument’s installation begins much earlier, and its prehistory remains little known to the wider public. According to documents preserved in the Regional Archive of Kakheti, the idea of erecting a monument to Erekle II in Telavi emerged as early as the 1950s. Notes written by Giorgi Jashiashvili, chairman of the Telavi City Council’s Executive Committee during those years, indicate that the city center suffered from poor urban conditions; numerous structures stood around the “Batonis Tsikhe” fortress, many of which required demolition. It was in connection with the improvement of this space that the idea arose—to commemorate Erekle II by installing a monument in his honor.
Although some residents of Telavi expressed critical attitudes, the majority actively supported the initiative to erect the monument. The local authorities began searching for sculptors, but Georgian artists demanded fees far exceeding the city budget. In this situation, Telavi’s leadership turned to Georgian and Russian sculptors working in Moscow - Giorgi Kevkhishvili, Kerensky, and Kotov. They began working on models of the monument in 1957 and, in 1958, brought four different versions to Telavi. In July 1958, these models were exhibited in the foyer of the Telavi House of Culture, where the five-day exhibition attracted numerous visitors.
The “Book of Impressions,” preserved in the Telavi Historical Museum, records the opinions of officials, ordinary citizens, and school students alike. Among the models, the highest praise was given to the version created by Giorgi Kevkhishvili, depicting Erekle II on horseback, sword in hand, bareheaded.
Despite broad public support, none of these versions was realized. One reason was the sharp criticism voiced by Georgian sculptors toward the works of the Moscow-based artists, which combined with interventions by Soviet bureaucratic structures - brought the entire process to a dead end. Thus, the initiative that began in the late 1950s was halted.
Only a decade later, in the 1970s, under the leadership of Telavi’s new administration (headed by M. Mezvrishvili), did it become possible to overcome the existing obstacles. In 1971, a final decision was made, and the monument created by Merab Merabishvili was erected in the city, where it remains one of Telavi’s most recognizable symbols to this day.
No comments:
Post a Comment