თენგიზ სიმაშვილი
საერთაშორისო
|
V სამეცნიერო კონფერენცია,
,,კულტურათაშორისი
დიალოგები“, შრომები
2019
საბჭოთა რეპრესიები თელავში 1924 წლის სექტემბერში
ზეპირი იტორიის შესწავლის და გაანალიზების შედეგად ჩვენს მიერ არქივებში მოძიებული იქნა, დღემდე ფართო საზოგადოებისათვის უცნობი, უამრავი დოკუმენტი თელავის მაზრაში 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდგომი პერიოდის რეპრესიების შესახებ. მასალები ასევე მოვიპოვეთ რეპრესირებული პირების შთამომავლების ოჯახებშიც. შესაბამისად, ჩვენს კვლევაში ზედმიწევნით ობიექტურად არის გადმოცემული 1924 წლის სექტემბერში დახვრეტილი პირების ტრაგიკული აღსასრულის ამსახველი ინფორმაცია. საარქივო მასალების მიხედვით, 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით საბჭოთა ხელისუფლების თელავის მაზრის ადგილობრივმა ორგანოებმა საშინელი სისასტიკე გამოავლინეს და უშუალო მონაწილეების გარდა, მათთვის მიუღებელი, მაგრამ საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანები დახვრიტეს. ირკვევა, რომ ,,კონტრევოლუციასთან და ბანდიტიზმთან მებრძოლი თელავის სამაზრო სამეულის განკარგულებით“ დახვრეტები ქალაქ თელავში, ე.წ. ,,გიგოს გორაზე’’ ხდებოდა.
შინაარსი
თელავის
მაზრაში 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შედეგები საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა. საარქივო
მასალებიდან დგინდება, რომ 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით საბჭოთა ხელისუფლების
ადგილობრივმა ორგანოებმა საშინელი სისასტიკე გამოავლინეს და აჯანყებაში უშუალო მონაწილეების
გარდა, მათთვის მიუღებელი სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი, საზოგადოებისათვის
ცნობილი ადამიანები დახვრიტეს.
უკვე გამოქვეყნებული მასალებიდან ცნობილია,
რომ ამ დროს საქართველოს სხვადასხვა ადგილას ე.წ. ,,საგანგებო სამეულების“* მიერ სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა
832 ადამიანს მიესაჯა, საიდანაც 44 სასულიერო პირი იყო. (1)
აღსანიშნავია,
რომ ეს სია არასრულყოფილია, რადგან იმ დროს ხვრეტდნენ ადამიანებს, აკრავდნენ დახვრეტილთა
სიებს, მაგრამ ,,საგანგებო სამეულების“ მიერ ეს ოფიციალურად არ ფორმდებოდა. ანდა, იყო
შემთხვევები, როდესაც გამოქვეყნებულ დახვრეტილთა სიაში რამოდენიმე ადამიანი დახვრეტილი
არ აღმოჩნდა. ამის მაგალითია თელავში და თელავის მაზრაში 1924 წლის 1-5 სექტემბერს
განხორციელებული დახვრეტები.
თელავის
მაზრაში 1920-1960-იან წლებში მოღვაწე, ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთი
წარმომადგენლის, გიორგი ჯაშიაშვილის დღემდე გამოუქვეყნებელ მოგონებაში ვკთხულობთ - ,,1924 წელს თითქმის ყოველ
ორ დღეში წყაროზე აკრავდნენ დაბეჭდილ სიას, სადაც ეწერა წუხელ მაზრის გადაწყვეტილებით
დახვრეტილი პირები. ჩამოთვლილი იყო გვარები - საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. იარაღით
გამოსვლის ქაქუცასთვის დახმარების გაწევისათვის. ეს უფრო მეტად იყო აგვისტოს ბოლოდან
სექტემბრამდე.“ (8)
ჩვენს
მიერ არქივში მოძიებულ ერთ-ერთ ასეთ სიაში, რომელიც 1924 წლის 1 სექტემბრითაა დათარიღებული
წერია:
,,კონტრევოლუციასთან
და ბანდიტიზმთან მებრძოლ თელავის სამაზრო საგანდებო სამეულისგან
ყოფილმა
მემამულეებმა, ოფიცრებმა, გენერლებმა და სხვა ნაძირლები - მენშევიკების, ფედერალისტების,
ნაციონალ-დემოკრატების და სხვა გაიძვერებთან ერთად შეეცადნენ აგვისტოს უკანასკნელ რიცხვებში
მოეწყოთ საქართველოში შეიარაღებული აჯანყება. ამ მიზნით მოახდინეს ბანდიტური თავდასხმები
ჭიათურაზე და საქართველოს სხვა ადგილებში, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ სასწრაფოდ
აღმოფხვრილ იქნა.
ასეთივე
ბანდიტურ შეთქმულებას აწყობდნენ ნაძირლები თელავის მაზრაში, მაგრამ სამაზრო პოლიტიკურმა
ბიურომ,* რომელიც დარაჯად უდგას მშრომელი ხალხის მონაპოვარს,
თავის დროზე ალაგმა მუშების და გლეხების მტრები.
სამაზრო
საგანგებო სამეულმა მიუსაჯა უმაღლესი სასჯელი დახვრეტა იმ ავანტიურისტ-დამნაშავეებს,
რომელნიც ხელს უშლიდნენ მუშების და გლეხების მშვიდობიან აღმშენებლობას და ცხოვრებას.
ამნაირად,
ძირს ჩაკლულ იქნა ბანდიტური განზრახვანი და მომავალშიც მუშურ-გლეხური ხელისუფლება გახურებული
შანთით აღმოფხვრის მემამულეების მომხრეების, ყველა ბანდიტების მოქმედებას
დახვრეტილ
იქნენ:
1.
მიხაილოვი სიმონ თადეოზის ძე
2.
სიდამონ-ერისთავი შალვა იოსების ძე
3.
ყარალაშვილი ლუკა ნიკოლოზის ძე
4.
ხიზანაშვილი გიორგი ივანეს ძე
5.
ბაბუნიძე იოსები ლუარსაბის ძე
6.
კოლელიშვილი იოსებ სიმონის ძე’’ (9)
(სტილი დაცულია)
აღსანიშნავია,
რეალურად კახეთში და ქალაქ თელავში ასეთი აჯანყება არ მომხდარა. ჩვენ მოგვეპოვება ქალაქ თელავში დახვრეტილთა სხვა სია,
რომელიც დათარიღებულია 1924 წლის 5 სექტემბრით. მასში ჩამოთვლილ ადამიანებს მიწერილი
აქვთ სხვადასხვა განმარტება, რომელიც საბჭოთა პოლიტიკური პოლიციის წარმომადგენლების
აზრით ალბათ
ასახავდა იმ მიზეზს, თუ რატომ მიესაჯათ მათ სიკვდილი.
ამ სიაში
30 ადამიანია ჩამოთვლილი:
1. რაზმაძე ნიკოლოზ კირილეს ძე - ინტელიგენტი
2.
ციცქიშვილი
გიორგი მიხეილის ძე - ინტელიგენტი
3.
პეტრიაშვილი
ილია ივანეს ძე - აზნაური
4.
აგურაშვილი
ქრისტეფორე სიმონის ძე - დიაკვანი
5.
ყარალაშვილი
რეზიკო მიხეილის ძე - თავადი
6.
ყარალაშვილი
ილიკო კონსტანტინეს ძე - თავადი
7.
ყარალაშვილი
დიმიტრი გიორგის ძე - თავადი
8.
ყარალაშვილი
ივანე არჩილის ძე - თავადი
9.
ჯავახიშვილი
ალექსანდრე დიმიტრის ძე - ვაჭარი
10. ხოსროშვილი ივანე გიორგის ძე - კულაკი
11. ჯორჯაძე ვლადიმერ ალექსის ძე - თავადი
12. ჯანდიერი ივანე დავითის ძე - თავადი
13. სულხანიშვილი დავით პაატას ძე - აზნაური,
ყოფილი ოფიცერი
14. სულხანიშვილი დავითი რევაზის ძე - აზნაური
15. სულხანიშვილი მიხეილ რევაზის ძე - აზნაური
16. მაყაშვილი ლუარსაბ გიორგის ძე - თავადი
17. მაყაშვილი არჩილ ზაქარიას ძე - თავადი
18. მაყაშვილი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე - თავადი
19. მაყაშვილი ათანასე კონსტანტინეს ძე
- თავადი
20. მაჭავარიანი სოლომონ ზაალის ძე- აზნაური,
ყოფილი ოფიცერი
21. გამყრელიძე ირაკლი არჩილის ძე- აზნაური,
ყოფილი ოფიცერი
22. გამყრელიძე ვლადიმერ ვიქტორის ძე - აზნაური
23. ჩიჩუა ვლადიმერ გიორგის ძე - აზნაური,
ყოფილი ბოქაული
24. ანდრონიკაშვილი გიორგი თომას ძე- თავადი
25. ჯაფარიძე ივანე საჩინოს ძე- აზნაური,
ყოფილი ბოქაული
26. მაღალაშვილი იოსებ დავითის ძე - თავადი,
ყოფილი ოფიცერი
27. ბიძინაშვილი მიხეილი ალექსის ძე
28. ჩარბაძე არჩილ გიორგის ძე
29.
მარკოზაშვილი
ლუკა ზაქარიას ძე
აღსანიშნავია,
რომ სიაში მითითებული სულ ცოტა, სამი ადამიანი
ვერ დახვრიტეს იმ დღეებში, და თუ რატომ, მასზე ცოტა ქვემოთ ვიტყვით.
დღეს,
თითქმის 100 წლის გასვლის შემდეგ ძალიან ძნელია დაზუსტებით დადგენა
რა იყო რეალური მიზეზი, კონკრეტულად რამ განაპირობა, ამა თუ იმ პირის მიმართ, ასეთი
სასტიკი განაჩენების გამოტანა. სამაგიეროდ, არქივებში დაცული მასალები და თანამედროვეთა
მოგონებები, ასევე ზეპირი ისტორიების სახით შემორჩენილი ინფორმაციები საშუალებას გვაძლევს,
აღვადგინოთ არა მარტო თელავის მაზრის, არამედ სხვა მაზრებში მიმდინარე საბჭოთა რეპრესიების
ქრონოლოგია.
1924 წლის
5 სექტემბერს დახვრეტილი ნიკოლოზ რაზმაძის ვაჟის, ირაკლი რაზმაძის სიტყვებით იმ დროს საბჭოთა ხლისუფლებას წამოუსვრია
ლოზუნგი ,,ვინც ჩვენთან არ არის ის ჩვენი წინააღმდეგია და ყველა მიუღებელ პირს ეძახდნენ
,,კონტრევოლუციონერს“, სუფთად ჩაცმულებს ,,ბურჟუებს“, მღვდლებს ძალით კრეჭდნენ ყველას
თვალწინ, ეკლესიებში შეწყვიტეს ღვთისმსახურება, ხატებს ესროდნენ ,,ვინ უკეთესად მოარტყავს
თვალში“, კედლებიდან აძრობდნენ და წვავდნენ.’’ (3)
ირაკლი
რაზმაძეს თავისი მოგონების ნაწილი გამოქვეყნებული აქვს 1989 წელს გაზეთ ,,ლიტერატურულ
საქართველოში’’ და იმავე წელს გაუგზვნია საჩივარი-თხოვნა იმდროინდელი საბჭოთა ხელისუფლების
უმაღლეს ეშელონებში, 1924 წლის 5 სექტემბერს დახვრეტილი მისი მამის ნიკოლოზ რაზმაძის
რეაბილიტაციის შესახებ. (10)
შესაბამისად,
ეს წერილი და მისთვის გაცემული საბჭოთა ხელისუფლების ძალისმიერი სტრუქტურების პასუხები
დაცულია შსს პოლიციის აკადემიის არქივში. ამ პასუხებში ასახული ინფორმაცია გამოყენებულია
დღეს უკვე აღარ არსებული საარქივო საქმეებიდან. საქმე იმაშია, რომ 1992 წლის მოვლენების
დროს ე.წ. უშიშროების არქივის დიდი ნაწილი დაიწვა და განადგურდა მასალების ნაწილიც,
რომლებშიც აღნიშნული პერიოდის დოკუმენტები იყო დაცული. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ამ სახის მასალებში დაცული ინფორმაცია.
ირაკლი
რაზმაძე წერს, რომ 1924 წლის აგვისტოში თელავის მაზრაში აჯანყება არ მომხდარა. ამის
მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებამ ამ მაზრაში და მათ შორის ქალაქ თელავში, დაიწყო სრულიად
უდანაშაულო ხალხის დაპატიმრება და მათი დახვრეტა. დასახვრეტად გამზადებული ადამიანები
მიყავდათ თელავის სამაზრო ციხეში, რომელიც ე.წ. ,,ბატონის ციხის’’ დასავლეთით, შიდა
ტერიტორიაზე მდებარეობდა. იმ დროს თელავში სამაზრო ციხე და საბჭოთა პოლიტიკური პოლიცია,
ჩეკა-ს მემკვიდრე პოლიტიკური ბიურო (პოლიტბიურო), თელავის ცენტრში, ერთმანეთის მახლობლად
მდებარეობდა. ,,პოლიტბიურო’’ ,,ბატონის ციხის“ დასავლეთ კარიბჭის მოპირდაპირე მხარეს,
ე.წ. ,,ჯენუას ხევის’’ აღმოსავლეთ ფერდობზე, თავად ჯანდიერების ყოფილ სამსართულიან,
ჩაქვესკნელებულ და საკნებიან შენობაში იყო განლაგებული.
ირაკლი რაზმაძის გარდა, 1924 წლის 5 სექტემბერს მომხდარი ტრაგიკული ამბების შემსწრე იყო, იმ დროს მასავით ახალგაზრდა ელიზბარ მაყაშვილიც, რომელიც გადაურჩა ამ დახვრეტებს. იგი 1927 წელს წავიდა საფრანგეთში ემიგრაციაში და დაგვიტოვა მოგონება ზემოაღნიშნული ტრაგიკული დღეების შესახებ. (2)
ირაკლი რაზმაძის გარდა, 1924 წლის 5 სექტემბერს მომხდარი ტრაგიკული ამბების შემსწრე იყო, იმ დროს მასავით ახალგაზრდა ელიზბარ მაყაშვილიც, რომელიც გადაურჩა ამ დახვრეტებს. იგი 1927 წელს წავიდა საფრანგეთში ემიგრაციაში და დაგვიტოვა მოგონება ზემოაღნიშნული ტრაგიკული დღეების შესახებ. (2)
ამ ადამიანების მოგონებების და საარქივო მასალების
შეჯერებით ირკვევა, რომ იმ ღამით, როცა დახვრეტები
დაწყებულა, მათივე თანატოლი თელაველი საშა (ალექსანდრე) ჯორჯაძე, როგორც კომკავშირელი,
პოლიტბიუროს შენობაში ,,მორიგედ’’ ყოფილა. (10) ირაკლი რაზმაძე და საშა ჯორჯაძე თელავის
ჰუმანიტარული ტექნიკუმის კურსდამთავრებულები იყვნენ.
პოლიტბიუროს
შენობის ზედა სართულზე, სამორიგეოდ მყოფ საშა ჯორჯაძეს გაუგია, რომ მისი მამა და ბიძა
ხელებშეკრულები გამოუძახიათ დასახვრეტად ქვედა სართულიდან.*
(10)
ზემოდასახელებული
პირების და ასევე ამ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი სულხან სულხანიშვილის* შთამომავლის მოგონების მიხედვით საშა ჯორჯაძე
შესულა კოლია ჯაფარიძის კაბინეტში და უთქვამს, რომ ,,მე კომკავშირელი ვარ, თქვენი ვარ
და მე მაჩუქეთ მამაჩემის და ბიძაჩემის სიცოცხლეო“. ჯაფარიძეს ის კაბინეტიდან გაუგდია.
ჯორჯაძე ხელმეორედ შესულა ჯაფარიძესთან იგივე თხოვნით, რაზეც ჯაფარიძეს დაუყვირია -
,,დაიკარგე აქედან ძაღლიშვილო თორემ გაიძულებთ შენვე დახვრიტო მამაშენი და ბიძაშენი“.
სხვა მოგონების თანახმად უთქვამს, ,,თუ კომკავშირელი ხარ შენვე უნდა დახვრიტო მამაშენი’’-ო.
(2;10)
საშა ჯორჯაძეს
მისთვის, როგორც კომკავშირელისათვის ნაჩუქარი ბრაუნინგი ამოუღია და ჯაფარიძესთვის ორი
ტყვია დაუხლია, მაგრამ შენდეგ იარაღში ჰილზი გაჭედია. იგი ტყვიით დაუცხრილიათ და ხმლებითაც
აუკუწიათ თავისი მამის და ბიძის თვალწინ.
ამ ამბის
უშუალო შემსწრე ზემოდასახელებული პირების, რომლებიც იმ ღამით თელავის პოლიტბიუროს შენობაში
იმყოფებოდნენ, მოგონებების მიხედვით დაწყებულა უწესრიგო სროლა ჯაფარიძის კაბინეტში,
ქუჩაში, ციხის კარებთან. ზედა სართულზე მყოფ
დაპატიმრებულ ადამიანებს ჩეხდნენ ხმლებით და ხის იატაკიდან დახოცილი ადამიანების სისხლი
იღვრებოდა ქვემოთ და ესხმებოდა ქვედა სართულზე მყოფ პატიმრებს, რომლებიც თავის რიგს
დასახვრეტად ელოდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამაზე წერს მიხეილ ჯავახიშვილი თავის უბის
წიგნაკში, და ეს ჩანაწერი 1927 წლითაა დათარიღებული. (4)
გათენებისას თელავის პოლიტბიუროს დახვრეტები შეუწყვეტია, რადგან თელავის ცენტრში
აუცილებელი იყო გვამების ალაგება, სისხლის მოწმენდა და ა.შ. მეორე დღეს თბილისიდან
მოსულა ბრძანება, რომ დახვრეტები შეეჩერებინათ.
თანამედროვეები თვლიდნენ, რომ საშა ჯორჯაძემ თავისი საქციელით გადაარჩინა ის ადამიანები
ვინც პოლიტბიუროს დასახვრეტად გამზადებული ყოლიათ ქვედა სართულზე.
საარქივო
მასალების მიხედვით, თელავის მაზრის პოლიტბიუროს 1924 წლის სექტემბერში დახვრეტა მიუსჯია
ასზე მეტი პირისთვის. (10)
აღსანიშნავია,
რომ სიაში დასახელებული ადამიანების ნაწილი იქნა დახვრეტილი გარკვეული ნაწილი გადარჩა.
მათ შორის, 1924 წლის 5 სექტემბრით დათარიღებულ თელავში გამოკრულ დახვრეტილთა სიაში
სულ ცოტა სამი ადამიანი ვერ დახვრიტეს. ესენია: მაღალაშვილი იოსებ დავითის ძე, გამყრელიძე
ვალერიანი ვიქტორის ძე, სულხანიშვილი დავით რევაზის ძე. დოკუმენტებში იოსებ მაღალაშვილის
შესახებ ერთგან მითითებულია, რომ ,,ადგილობრივი ,,სამეულისგან“ მიესაჯა დახვრეტა, მაგრამ
არეულობის გამო, რომელიც დაიწყო ჯაფარიძის დაჭრის გამო ვერ მოესწრო მისი დახვრეტა’’.
(11)
მეორე დოკუმენტში,
კი რომელშიც თელავის ციხიდან მეტეხის ციხეში გადაგზავნილი პატიმრების ჩამონათვალია,
ამ ადამიანის გვარის გასწვრივ წერია შემდეგი - ,,მაღალაშვილი იოსები არ დახვრიტეს იმის
გამო, რომ დაპატიმრებულების გაყვანის დროს, ვერ მოასწრეს მისთვის ხელების შეკვრა და
ის არეულ-დარეულობის დროს საკანში დარჩა. რასაც თან მოჰყვა განკარგულება დახვრეტის
შეწყვეტის შესახებ. ვითხოვთ განკარგულებას". (7)
ამრიგად,
საშა ჯორჯაძის მიერ კოლია ჯაფარიძის მკვლელობამ დასახვრეტად გამზადებულ და უკვე ოფიციალურად
დაბეჭდილ სიებში მყოფი რამდენიმე ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. თუმცა, ვერ გადარჩნენ
სხვა პირები რომელთა რიცხვში ირაკლი რაზმაძის მამა ნიკოლოზ რაზმაძე და სხვები იყვნენ.
ამ ადამიანების
ბიოგრაფიები საკმაოდ საინტერესოა. მაგალითად, გიორგი ციცქიშვილი, რომელიც თელავის ვაჟთა
გიმნაზიის მასწავლებელი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და ქვეყნის პატრიოტი იყო.
სწორედ მისი გავლენით თელავის ვაჟთა გიმნაზიის უფრსი კლასის მოსწავლეები ეროვნულ-დემოკრატიული
პარტიის რიგებში იყვნენ გაერთიანებული და ამ პარტიის გაზეთ ,,საქართველოს“ ასზე მეტი
ნომერი ვრცელდებოდა გიმნაზიაში. თელავის ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ
არა მარტო თელავის, არამედ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხშირად სკოლიდან
მიდიოდნენ საქართველოს ჯარის შემადგენლობაში სხვადასხვა ფრონტზე საბრძოლველად. (5)
ცხადია,
რომ მათი არსებობაც კი საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო. საბჭოთა ხელისუფლების
მიერ 1920-იან წლებში საქართველოში სწორედ ასეთი, ქვეყნისათვის თავდადებული ადამიანები
იყვნენ რეპრესირებული.
ბიბლიოგრაფია
1.
კლდიაშვილი გიორგი, (2010) საქართველოს 1924 წლის აგვისტოს
აჯანყება გარე კახეთში და სასულიერო პირები, საარქივო მოამბე, # 9. 103-109
2. მაყაშვილი ელიზბარ, (1965) სისხლიანი ფურცლები, კავკასიონი
(ჟურნალი) # X.
15-18
3. რაზმაძე ირაკლი, (1989) შემოდიოდა სიკვდილი ცელით, ლიტერატურული
საქართველი (გაზეთი), 2 ივნისი
4. ჯავახიშვილი მიხეილ, (2012) ჩანაწერები უბის წიგნაკიდან, 121
5. მელითაური გიორგი, მოგონებები, (1960-1970) თელავის მუზეუმი, 20
6. ჯაშიაშვილი გიორგი, საქართველოს ეროვნული არქივის კახეთის ფილიალი,
ფონდი გვერდი 4
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის არქივი, ფონდი
12გვერდი 246
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის არქივი, ფონდი
110, გვერდი 253
9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის არქივი, ფონდი
გვერდი 252
10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის არქივი, ფონდი
6, საქმე 2
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის არქივი, ფონდი
დი 9
Soviet Repression in Telavi in September 1924
The results of the August 1924 uprising in Telavi Mazra were quite tragic. The archival material used in the article confirms the large scale of Soviet repression in Telavi.
The article provides various information on the repression. According to archival materials, in September 1924 the Telavi Mazra ''Politburo''(the Soviet Political Police) executed more than one hundred people.
In addition to the archival materials, in the article we use the memoir of one of witness Irakli Razmadze. He had witnessed the tragic news of September 5, 1924. We also use the recollection of Elizbar Makashvili, who was imprisoned by the Soviet regime but escaped these shootings.
It is concluded that the existence of educated and patriotic people was unacceptable to the Soviet authorities. In the 1920s, the Soviet authorities were repressing people dedicated to the country.
თემასთან დაკავშირებული მასალა იხილეთ აქ:
https://www.youtube.com/watch?v=prrdUneGrdU&fbclid=IwAR0VgchD9nmwU1Pj_qGLfFerNGoFAJPAsXl3PLpm6oJLIJD1do8K93goU6A
https://www.youtube.com/watch?v=o0aN4OgfBq8&fbclid=IwAR0PUcG9TmLu3_n2LJpXctomsRiCjT8oGiEu2aomp-B-0xNhJi5osk2d8VI
https://www.youtube.com/watch?v=wilEUWpPJ_s&fbclid=IwAR13VuIYjcouYDk1gcb4h2Tbsj-wpYxe-kxLthMMyy9ZOEKgGL5n4fOOjc4
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90---%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98/30146388.html?fbclid=IwAR13piFE0boeD0-bbzeMD02-2lVfxG9ScDiBWMJdkwvGlV8D0bU40CT5aKA
https://www.youtube.com/watch?v=o0aN4OgfBq8&fbclid=IwAR0PUcG9TmLu3_n2LJpXctomsRiCjT8oGiEu2aomp-B-0xNhJi5osk2d8VI
https://www.youtube.com/watch?v=wilEUWpPJ_s&fbclid=IwAR13VuIYjcouYDk1gcb4h2Tbsj-wpYxe-kxLthMMyy9ZOEKgGL5n4fOOjc4
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90---%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98/30146388.html?fbclid=IwAR13piFE0boeD0-bbzeMD02-2lVfxG9ScDiBWMJdkwvGlV8D0bU40CT5aKA
* საგანგებო სამეული
(Тройки) იქმნება 1918 წლის დასაწყისში. ჩეკა-მ მიიღო უფლება გასამართლების გარეშე
ადგილზე დაეხვრიტა მტრად მიჩნეული პირები
* პოლიტიკური
ბიურო, იგივე გპუ, ჩეკა-ს მემკვიდრე საბჭოთა საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია
*
საბჭოთა ჯალათებს იმ დროს, ქვედა სართულზე მყოფი პატიმრები, ვინც საკნებში
იმყოფებოდნენ აყავდათ ზედა სართულზე, ტანსაცმელს ხდიდნენ, ატიტვლებდნენ და ხელებს უკრავდნენ
*
სულხან სულხანიშვილის შვილიშვილის, გუგა სულხანიშვილის მოგონება, ხელნაწერი,
ინახება ჩემთან




No comments:
Post a Comment